ეროვნული ბანკი - მოქალაქეებმა 78.7 მლნ აშშ დოლარის მოცულობის 5 617 სესხი გაალარეს
ეროვნული ბანკი - მოქალაქეებმა 78.7 მლნ აშშ დოლარის მოცულობის 5 617 სესხი გაალარეს

სესხების გალარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და 23 მარტამდე გაგრძელდა, სულ 78.7 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის 5 617 სესხი გალარდა, რამაც 183.7 მლნ. ლარი შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, საშუალოდ 1 აშშ დოლარის კონვერტაცია მოხდა 2.3355 ლარად. მთავრობის სუბსიდიის მოცულობამ კი, ამ პროგრამის ფარგლებში, 15.7 მლნ. ლარი შეადგინა.

სესხების გალარების პროგრამა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა.

„მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შეიმუშავა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხელი შეეწყო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული უცხოური ვალუტის სესხების გალარებას. ეს იყო ერთჯერადი სოციალური ღონისძიება იმ მსესხებლებისათვის, ვინც არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად დაზარალდა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, პროგრამა ითვალისწინებდა ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე. მსესხებლებს საშუალება ჰქონდა თავად გადაეწყვიტათ, რომელ ბანკში  გაალარებდნენ სესხს.

„პროგრამის ფარგლებში, მთავრობამ უზრუნველყო შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირება, ხოლო ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს მიაწოდა გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარი და მოახდინა ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, გალარების პროგრამა შეეხო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს, 40 ათასი აშშ დოლარის ლიმიტით, რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე. იმ სესხების შემთხვევაში, რომელთა მოცულობა აღემატებოდა 40 ათას აშშ დოლარს, სუბსიდირებული გალარებით სარგებლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ აღნიშნულ ლიმიტამდე, სესხის დარჩენილი თანხა კი მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით, ან კვლავ სავალუტო სესხად რჩებოდა, ან ხდებოდა მისი გალარება სუბსიდირების გარეშე.

ამასთან, სუბსიდია არ შეეხო მათ, ვისი სესხების ძირითადი თანხების ჯამური დავალიანება 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით (აღნიშნული პროგრამის გაცხადების თარიღი), გამლარებელ ან სესხის გადატანის შემთხვევაში, იმ ბანკში, საიდანაც სესხის გადატანა ხდება, აღემატებოდა 100 ათას აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხო იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 წელს 100 ათას ლარს აღემატებოდა.

კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემდნენ საბაზრო პროცენტით.

„სესხების გალარება ხდებოდა სუბსიდირებული კურსით: გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5 ლარი იყო, მაშინ სესხის გალარება ხდებოდა 2.3 კურსით და კურსთაშორისი სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშში, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა.