4000 წლის წინანდელი იდუმალი წარწერები შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ გაშიფრეს — #1tvმეცნიერება
შეიძლება საბოლოოდ გაიშიფროს იდუმალებით მოცული დამწერლობის სისტემა, რომელსაც ელამის ხაზოვან დამწერლობას უწოდებენ და თანამედროვე ირანის სამხრეთ ნაწილში ძვ. წ. 2300-1800 წლებს შორის იყენებდნენ. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი.
გარდა ამისა, გაურკვეველია, კანონიერად არის თუ არა მოპოვებული ყველა ის არტეფაქტი, რომელიც წარწერების გასაშიფრად გამოიყენეს.
ჩვენამდე ელამის ხაზოვანი დამწერლობის მხოლოდ დაახლოებით ორმოცმა ნიმუშმა მოაღწია, რის გამოც, ამ დამწერლობის გაშიფვრა რთულია. თუმცა, მკვლევრები აცხადებენ, რომ ეს მაინც შეძლეს.
გაშიფვრისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ვერცხლის ჭიქებზე არსებული რვა წარწერა.
ელამის ხაზოვან დამწერლობაზე შესრულებული სხვადასხვა წარწერები სხვა მკვლევრებმა წარსულშიც გაშიფრეს; ახალი კვლევის ავტორებმა საკუთარი ნაშრომში სწორედ წინა კვლევებს დააფუძნეს — ელამის ხაზოვან დამწერლობის რვა წარწერა შეადარეს დაახლოებით იმავე პერიოდის ლურსმულ ტექსტებს, რომლებიც სავარაუდოდ იმავე მმართველთა სახელებსა და ტიტულებს იხსენიებდა; ამას გარდა, ამ მმართველთა დასახასიათებლად, სავარაუდოდ იყენებდა ზოგიერთ იგივე ფრაზას.
მკვლევართა განცხადებით, მათ განსაზღვრეს, რას ნიშნავდა სხვა მრავალი დამატებითი ნიშანი, მაგრამ ელამის ხაზოვან დამწერლობის ნიშნების დაახლოებით 3,7 პროცენტი მაინც გაუშიფრავი დარჩა.
სხვადასხვა ბგერას ელამის ხაზოვან დამწერლობის 300-ზე მეტი სიმბოლო აღნიშნავს; მაგალითად, მკვლევრები ამბობენ, რომ ნახევარმთვარის ნიშანი გამოითქმის, როგორც „პა“.
ჯგუფმა ერთი მოკლე ტექსტი ასე გადათარგმნა: „პუზურ-სუშინაკი, ავანის მეფე, ინსუშინაკს (ღვთაება) ის უყვარს“. ტექსტში იქვე წერია, რომ ნებისმიერი, ვინც პუზურ-სუშინაკს აუჯანყდება, „განადგურდება“.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კომპლექსური ტექსტების უფრო მეტი თარგმანი მომავალში გამოქვეყნდება.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ასირიოლოგიის პროფესორი, ჯეიკობ დალი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, გამოცემა Live Science-თან საუბრისას ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ჯგუფმა წარწერები წარმატებით გაშიფრა.
დალი მუშაობს სხვა დამწერლობაზე, რომელსაც „პროტო-ელამურს“ უწოდებენ და არ ეთანხმება ახალი კვლევის ავტორებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პროტო-ელამურსა და ელამის ხაზოვან დამწერლობას ახლო კავშირი ჰქონდათ.
გარდა ამისა, ის შეშფოთებულია იმით, რომ მკვლევართა ჯგუფმა ანალიზებში გამოიყენა წარწერები, რომლებიც ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლ კონარ-სანდალზე (ირანის ქალაქ ჯიროფტის სიახლოვეს) აღმოაჩინეს. მისი თქმით, ამ წარწერებს საეჭვო მახასიათებლები აქვს, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ისინი ყალბია.
მართალია, გაშიფვრისთვის საკვანძო რვა წარწერიდან არც ერთი არ არის კონარ-სანდალზე აღმოჩენილი, მაგრამ დალის განცხადებით, კითხვებს ბადებს ის ფაქტი, საერთოდ რატომ გამოიყენეს ანალიზებში კონარ-სანდალზე აღმოჩენილი არტეფაქტები.
კვლევა ჟურნალ Zeitschrift für Assyriologie und Vorderasiatische Archäologie-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.