380 მილიონი წლის წინანდელ ნამარხში აღმოჩენილია სრულყოფილად შემონახული გული – #1tvმეცნიერება
380 მილიონი წლის წინანდელ ნამარხში აღმოჩენილია სრულყოფილად შემონახული გული – #1tvმეცნიერება

ჩვენი პლანეტის ადრეულ ხერხემლიან ორგანიზმთა უძველესი ნამარხები საოცარ სიურპრიზებს მალავენ.

380 მილიონი წლის წინ განმარხებულ ჯავშნიან თევზში პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს მინერალიზებული გული, რომელიც საოცრად კარგად არის შემონახული სამგანზომილებიან ფორმაში.

გასაოცარი აღმოჩენაა. ნამარხებში რბილი ქსოვილები იშვიათია, რადგან როგორც წესი, ისინი განმარხების პროცესის დაწყებამდე იშლება. კიდევ უფრო იშვიათია სამგანზომილებიანი რბილი ქსოვილების ნამარხები.

ნამარხის სკანირებით მეცნიერებმა მისი ანატომია 3D-ში შეისწავლეს, თავად ამ ძვირფასი ობიექტის დაშლის გარეშე. გასაოცრად შენახული მდგომარეობის წყალობით, ნამარხში მკაფიოდ გამოავლინეს ისეთი დეტალები, როგორებიც არის წინაგული, პარკუჭი და გამომავალი ტრაქტი.

უძველესი თევზის გული S-ის ფორმის ორგანო იყო; შედგებოდა ორი საკნისგან — პატარა საკანი უფრო დიდის ზემოდან იყო მოთავსებული. ეს კი გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე პალეონტოლოგებს წარმოედგინათ; შესაბამისად, შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს თავისა და კისრის რეგიონის ევოლუციის შესახებ, ასევე, როგორ შეიცვალა ისინი ყბებთან მოსარგებად.

„როგორც პალეონტოლოგი, რომელიც ნამარხებს უკვე 20 წელიწადზე მეტია, ვსწავლობ, ნამდვილად გაოცებული ვარ ასე მშვენივრად შემონახული, 3D ფორმის გული 380 მილიონი წლის ნამარხში“, — ამბობს ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი კეიტ ტრინასტიკი.

მისი განცხადებით, ევოლუცია ხშირად პატარა ნაბიჯების სერიებად მიიჩნევა, მაგრამ ეს უძველესი ნამარხები მიუთითებს, რომ არსებობდა დიდი ნახტომი უყბო და ყბიან ხერხემლიანებს შორის. ამ თევზებს გული პირდაპირ პირში ჰქონდათ, ლაყუჩების ქვეშ, ზუსტად ისე, როგორც დღეს ზვიგენებს.

ნამარხი დასავლეთ ავსტრალიაში, გოგოს ფორმაციის სახელით ცნობილ ძეგლზე აღმოაჩინეს. დევონურ ეპოქაში, რომელიც დაახლოებით 419,2 – 358,9 მილიონი წლის წინ იდგა, ეს რეგიონი სიცოცხლით აყვავებულ ვრცელ რიფს წარმოადგენდა. ახლა ის ე. წ. ლაგერშტეტის კლასიფიკაციის ნამარხების საბადოა, რომელიც იმდენად გამორჩეულია, რომ ზოგჯერ რბილი ქსოვილებიც კი შემონახულია.

ნამარხი ეკუთვნის ჯავშნიანი თევზების გადაშენებული კლასის წარმომადგენელს, რომელსაც ართროდირებს უწოდებენ. ეს არსება დედამიწაზე დაახლოებით 50 მილიონი წლის განმავლობაში არსებობდა, დევონურ ეპოქაში, მაგრამ ამ პერიოდის მიწურულს, გლობალური გადაშენების მოვლენის დროს ამოწყდა.

ეს ნიმუში შედგება ქვიშაქვის უხეში ნამტვრევისგან, რომელშიც უცნაური ბიოლოგიური მახასიათებლებია მიმოფანტული. მისი შესწავლა ერთ დროს დიდ გამოწვევად მიიჩნეოდა, რადგან არსებობდა დამსხვრევის დიდი რისკი.

საბედნიეროდ, შიგთავსის სანახავად, ახლა სულაც აღარ არის საჭირო ნამარხების დამსხვრევა.

„გოგოს ფორმაციის თევზები იმით არის განსაკუთრებული, რომ მათი რბილი ქსოვილები სამგანზომილებიან ფორმებშია შემონახული. რბილ ქსოვილთა შემონახვის უმეტესი შემთხვევა გაბრტყელებულ ნამარხებშია აღმოჩენილი, სადაც რბილი ანატომია ოდნავ მეტია, ვიდრე უბრალოდ ლაქა ქვაზე. ასევე ძლიერ გაგვიმართლა, რომ სკანირების თანამედროვე ტექნოლოგია ამ მყიფე ქსოვილთა შესწავლის საშუალებას მათი დამსხვრევის გარეშე გვაძლევს. რამდენიმე ათწლეულის წინ, ასეთი პროექტის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა“, — ამბობს შვედეთის უფსალის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი პერ აჰლბერგი.

ნეიტრონული ჭავლებისა და სინქროტრონული რენტგენული სხივების გამოყენებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ნამარხში მინერალთა სხვადასხვა სიმკვრივე აღრიცხა. ამ სიმკვრივეებმა კი გამოავლინა ართროდირის შემონახული ძვლები და სხვა ნაკლებად მტკიცე მახასიათებლები — შთამბეჭდავი გული, კუჭი, ნაწლავი და ღვიძლი.

სხვა ორგანოთა არსებობამ ჯგუფს თევზის ანატომიური განლაგების შესწავლის საშუალება მისცა.

„პირველად ისტორიაში, პრიმიტიულ ყბიან თევზში ყველა ორგანოს ერთად ვხედავთ; განსაკუთრებით გაგვაოცა იმის დადგენამ, რომ ისინი ჩვენგან არც ისე ძლიერ განსხვავდებოდნენ“, — ამბობს ტრინასტიკი.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, არსებობდა ერთი კრიტიკული სხვაობა — ღვიძლი უფრო დიდი იყო და თევზს მეტად ტივტივის საშუალებას აძლევდა, ზუსტად თანამედროვე ზვიგენთა მსგავსად. ზოგიერთი ამჟამინდელი ძვლიანი თევზი, მაგალითად, ორგვარადმსუნთქავ თევზებს და მრავალფარფლებს ფილტვები საცურაო ბუშტისგან ჩამოუყალიბდათ; თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არ გვიპოვია ფილტვების არსებობის მტკიცებულება ამ დრომდე შესწავლილ გადაშენებულ ჯავშნოსან თევზებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძვლიან თევზებში ისინი მოგვიანებით, დამოუკიდებლად ჩამოყალიბდნენ.

გოგოს ფორმაციაზე აქამდე აღმოჩენილი ნიმუშებით, პალეონტოლოგებმა აღადგინეს და შეისწავლეს გოგოს ართროდირების მუსკულატურა. ამას გარდა, იქვე აღმოჩენილია ართროდირის ემბრიონის ნამარხი.

ახალი ეგზემპლარი მიუთითებს, რომ ეს ძეგლი ჯერ კიდევ ბევრ განძს მალავს.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.