აღმოჩენილია ზღვის გიგანტური ხვლიკის ნამარხი, რომელიც 66 მლნ წლის წინ ზღვის მბრძანებელი უნდა ყოფილიყო — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ზღვის გიგანტური ხვლიკის ნამარხი, რომელიც 66 მლნ წლის წინ ზღვის მბრძანებელი უნდა ყოფილიყო — #1tvმეცნიერება

გიგანტური ზღვის ხვლიკის საოცარი ნამარხის აღმოჩენა ცხადყოფს, როგორ მბრძანებლობდა ზღვაში ამჟამად გადაშენებული ეს მხეცი დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ.

ნამარხი მოზოზავრების ახლად აღმოჩენილ სახეობას ეკუთვნის, წყლის გიგანტურ ქვეწარმავლებს, რომლებიც ოკეანეებში გვიანდელ ცარცულ პერიოდში ნადირობდნენ.

მეცნიერებმა მას Thalassotitan atrox-ი უწოდეს; როგორც გათხრებისას აღმოჩენილი მისი კბილები და სხვა ნარჩენები მიუთითებს, ეს საშინელი ცხოველი უბრალოდ მოუქნელი გიგანტი კი არ იყო, არამედ ნადირობდა ზღვის კუებზე, პლეზიოზავრებზე და სხვა მოზოზავრებზე.

დანარჩენი სხვა მოზაზავრები ძირითადად პატარა მსხვერპლზე ნადირობდნენ, მაგალითად, თევზებზე ან ამონიტებზე (რომლებიც სულაც არ იყო ყოველთვის ისე პატარები, როგორც მაშინ).

ეს კი იმას ნიშნავს, რომ Thalassotitan-ს კვების ჯაჭვში ძლიერ თავში ეკავა ადგილი და ეკოსისტემას სხვა მტაცებელთა კონტროლის მეშვეობით ინარჩუნებდა.

Thalassotitan-ი საოცარი, საშინელი ცხოველი იყო. წარმოიდგინეთ, კომოდოს ვარანის, დიდი თეთრი ვეშაპის, ტირანოზარ რექსის და ცელნამგალა ვეშაპის (ორკა) ნაჯვარი“, — ამბობს ბრიტანეთის ბათის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი და ევოლუციური ბიოლოგი ნიკ ლონგრიჩი.

მოზოზავრების მასშტაბის რეპტილიები დღეს აღარ არსებობენ; მათი სიგრძე 12 მეტრს აღწევდა, ანუ იყვნენ დღევანდელ ყველაზე დიდ ქვეწარმავალზე, ნიანგებზე დაახლოებით ორჯერ დიდი. თუმცა, მოზოზავრები შორეულად ენათესავებიან თანამედროვე გველებსა და იგუანებს.

მოზოზავრები უკეთესად იყვნენ მორგებული სრულად წყალში ცხოვრების წესს, ვიდრე გალაპაგოსის ზღვის იგუანები. ჰქონდათ ქვეწარმავლის თავი, მაგრამ ფარფლები ბრჭყალებიანი ფეხების ნაცვლად; კუდზე ასევე ჰქონდათ ვეშაპის მსგავსი ფარფლი.

მოზოზავრის სხვადასხვა სახეობები სხვადასხვა სახის მსხვერპლზე ნადირობდნენ, მათივე კბილების მიხედვით. ზოგიერთი კბილი პატარა და წვეტიანი იყო, თევზებსა და კალმარებზე სანადიროდ ფრიად კარგი; ზოგს კი უფრო ბლაგვი კბილები და მძლავრი ყბები ჰქონდა, რაც ბრწყინვალე იყო ნიჟარებიან არსებებზე სანადიროდ.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ცხოველებს კარგი ყნოსვა არ უნდა ჰქონოდათ, სავარაუდოა, რომ ისინი ძირითადად მტაცებლები იყვნენ და არა ნარჩენებზე მონადირეები.

ანალიზები მიუთითებს, რომ მოზოზავრები იკვებებოდნენ თევზით, თავფეხიანებით, კუებით, მოლუსკებით, სხვა მოზოზავრებით და ფრინველებითაც კი. როგორც ჩანს, Thalassotitan-ი მათ შორის ყველაზე მძვინვარე იყო.

ნამარხები მაროკოში, ფოსფატების საბადოში აღმოაჩინეს, რეგიონში, რომელიც მდიდარია ცარცული და მიოცენის პერიოდების მრავალფეროვანი და ბრწყინვალედ შემონახული ნამარხებით.

ნარჩენებს შორის იყო თავის ქალა, ხერხემალი, კიდურების ძვლები და ფალანგები. ჯამში, მათი საშუალებით მეცნიერებმა შეძლეს Thalassotitan-ის თავის ქალის, ყბის, კბილების, ჩონჩხის, მხრებისა და წინა კიდურების სრულად აღწერა.

ლონგრიჩმა და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს ცხოველი სიგრძეში დაახლოებით 9-10 მეტრამდე იზრდებოდა, ოდნავ უფრო დიდი, ვიდრე ორკა. თუმცა, მისი თავის ქალა ორკისაზე დაახლოებით ორჯერ გრძელი იყო, სიგრძეში 1,5 მეტრამდე.

წვრილი დინგის მქონე სხვა მოზოზავრებისგან განსხვავებით, Thalassotitan-ს ფართო და მოკლე ყბა ჰქონდა, დიდი, კონუსისებრი კბილებით, რომლებიც ბრწყინვალე უნდა ყოფილიყო მსხვერპლის დასაჭერად და გასაგლეჯად. კბილები შეიცავდა მინიშნებებს ცხოველის კვების რაციონის შესახებ: ბევრი მათგანი დამსხვრეული და გაცვეთილია, ასეთი დაზიანება კი არ შეიძლება გაჩენილიყო ძირითადად რბილი მსხვერპლისგან შემდგარი კვების რაციონის შემთხვევაში.

მკვლევართა განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ Thalassotitan-ი კბილებს იყენებდა ისეთ მყარ ზედაპირებზე, როგორებიც არის კუს ბაკანი და სხვა, ალბათ უფრო მფრთხალი მოზოზავრების ძვლები.

ამ მოსაზრებას ამყარებს Thalassotitan-ის ძვლების გვერდით აღმოჩენილი სხვა ნამარხებიც: დიდი მტაცებელი თევზის ძვლები, ზღვის კუს ბაკანი, პლეზიოზავრის თავის ქალა და სულ მცირე სამი სხვადასხვა სახეობის მოზოზავრის ძვლები.

ყველა ამ ძვალს აღენიშნება მჟავათი ცვეთის კვალი, რაც მათ შეიძლება ამ გიგანტური მხეცის მუცელში, საჭმლის მომნელებელი მჟავებისგან მიეღოთ, ვიდრე ის გადაუმუშავებელი სახით მათ პირიდან ამოანთხევდა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს არაპირდაპირი მტკიცებულებაა, მაგრამ მაინც საკმაოდ საინტერესო.

„დაზუსტებით არ შეგვიძლია იმის თქმა, რა სახეობის ცხოველმა შეჭამა ყველა ეს მოზოზავრი, მაგრამ გვაქვს ზღვის ქვეწარმავალთა ძვლები, რომლებიც უფრი დიდი მტაცებლის მიერ არის შეჭმული. ვიპოვეთ Thalassotitan-ი, სახეობა, რომელიც მკვლელის პროფილში ჯდება და გახლავთ მოზოზავრი, რომელიც ზღვის სხვა ქვეწარმავლებზე ნადირობაში იყო გაწაფული. სავარაუდოდ, ეს უბრალო დამთხვევა არ არის“, — განმარტავს ლონგრიჩი.

ცარაცული ეპოქის ბოლო 25 მილიონ წელიწადში, მოზოზავრები სულ უფრო დასპეციალიზდნენ და გამრავალფეროვნდნენ. Thalassotitan-ის აღმოჩენა მიუთითებს, რომ მოზოზავრები იმაზე მრავალფეროვანი იყვნენ, ვიდრე გვეგონა — მათი ეკოსისტემა კი ცოცხალი და აყვავებული იყო, საკმარისად მრავალფეროვანი, რომ უზრუნველეყო ამ მტაცებელთა ასეთი დივერსიფიკაცია.

თავის მხრივ, ამას საინტერესო გავლენა ჰქონდა 65 მილიონი წლის წინ მომხდარ ცარცულ-პალეოგენურ მასობრივ გადაშენებამდელ პერიოდზე. შემცირების ნაცვლად, როგორც ამას ბევრი ფიქრობდა, ბიომრავალფეროვნებამ ზრდა განაგრძო, შესაძლოა შუა ცარცული პერიოდის მცირე გადაშენების მოვლენის კვალდაკვალ.

ამ საინტერესო შესაძლებლობას მეტ სინათლეს მოჰფენს უფრო მეტი გათხრები მაროკოს ძეგლებზე.

„გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მაროკოს ცარცული პერიოდის წყლის ფაუნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი ნამარხები აქვს. მოზოზავრების მრავალფეროვნებისა და ბიოლოგიის კვლევა ჯერ ახლა დავიწყეთ“, — ამბობს ბრიტანეთის ბათის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი და ევოლუციური ბიოლოგი ნიკ ლონგრიჩი.

კვლევა Cretaceous Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია bath.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.