35-ე სკოლის დირექტორი - ორივე დაჭრილი ჩვენი სკოლის მოსწავლეა, შემთხვევა წითელი ბაღის ტერიტორიაზე მოხდა
35-ე სკოლის დირექტორი - ორივე დაჭრილი ჩვენი სკოლის მოსწავლეა, შემთხვევა წითელი ბაღის ტერიტორიაზე მოხდა

მოზარდების დაჭრა საბურთალოზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე მოხდა, – ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას 35-ე საჯარო სკოლის დირექტორმა განაცხადა.

მიხეილ ჩიკვილაძის ინფორმაციით, ორივე დაჭრილი მისი სკოლის მოსწავლეა.

„ორივე მოზარდი ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ისინი გამოირჩევიან კარგი დისციპლინით, აქამდე არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ. პედაგოგები დადებითად ახასიათებენ. შემთხვევა სკოლის ტერიტორიზე არ მომხდარა, რადგან შვიდ საათზე სკოლაში არავინ არის. მშობლებისგან გავიგე, რომ დაჭრის ფაქტი მოხდა ყაზბეგის ქუჩაზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე“,- განაცხადა მიხეილ ჩიკვილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებს ჭრილობები სავარაუდოდ ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.

 

ავტორი: ზაალ ჩხეიძე