მიხეილ ჩიკვილაძე - „ტელესკოლა“ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, რათა განათლება იყოს უწყვეტი
მიხეილ ჩიკვილაძე - „ტელესკოლა“ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, რათა განათლება იყოს უწყვეტი

საქართველოს პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი, რათა მოსწავლეთა განათლება იყოს უწყვეტი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, მიხეილ ჩიკვილაძემ განაცხადა.

როგორც ჩიკვილაძემ აღნიშნა, მივიღეთ ძალიან საინტერესო, პერსპექტიული პროექტი, რომლითაც ძალიან ბევრი მოსწავლე ხელმძღვანელობს.

„ამ პროექტმა გვიჩვენა, თუ რამდენად კვალიფიციური პედაგოგები და მასწავლებლები გვყავს. ვნახეთ, თუ როგორია გაკვეთილის ჩატარების ონლაინპრინციპი, როგორ შეიძლება, არა უშუალო კონტაქტით, არამედ ვირტუალურად გაკვეთილი ჩატარდეს და ეს გაკვეთილი იყოს ხარისხიანი.

მიმაჩნია, რომ „ტელესკოლა“ ძალიან საინტერესო, პერსპექტიული პროექტია, მითუმეტეს, ზაფხულის პერიოდში.

მოსწავლეებს ძალიან დაეხმარება, არა მხოლოდ გაიღრმავონ ცოდნა, არამედ შეინარჩუნონ ის, რაც შეისწავლეს სასწავლო პერიოდში და შემდეგ სექტემბერს მომზადებული შეხვდნენ.

ეს პროექტი საინტერესოა აბიტურიენტებისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია „აბიტურიენტის საათი“, რადგან აღრმავებს აბიტურიენტების ცოდნას და მეტი პერსპექტივა აქვთ, რომ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარონ“, – აღნიშნა მიხეილ ჩიკვილაძემ.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ექვსი ხმით მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებულებაში ცვლილებას.

ცვლილებების მიხედვით, მეორე არხი ოფიციალურად გარდაიქმნა ახალ არხად „საქართველოს პირველი არხი – განათლება“, რომელიც პროექტ „ტელესკოლას“ ეფუძნება.

გარდა ამისა, „ტელესკოლა“ უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების შესაბამისად ტელეგაკვეთილების წარმოებას როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სექტორისთვის; აგრეთვე აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი კონტენტის წარმოებას; შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემების/პროექტების წარმოებას; შემეცნებით-საგანმანათლებლო მექანიკური პროდუქციის (მათ შორის, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) განთავსებას.