31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა
ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით, თბილისში პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რეგიონებში – 33.
მათივე ცნობით, თბილისში დაზიანებული 48 მოქალაქიდან ჰოსპიტალიზება 35-ს დასჭირდა, ხოლო რეგიონებში დაზარალებულთაგან 16 მოქალაქეს.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს და პირველი იანვრის დღის საათებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით მათთან სულ 124 ზარი შევიდა. შეტყობინებები ეხებოდა როგორც პიროტექნიკით დაშავებულებს, ასევე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა ინციდენტს.