29 სექტემბერს, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
29 სექტემბერს, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 სექტემბერს, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:

· კრწანისის მოედანზე – ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე;

· თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით;

· გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირი, მიხეილ წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩები;

· მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:

· სოლოლაკიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ლადო ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ჩავლენ ვახტანგ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით;

· ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ;

· ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტოტრანსპორტის ნაკადი მოძრაობას ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს;

· ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანების ნაკადი მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებს, ავლაბრის მოედნის მიმართულებით. მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ტრანსპორტი კი მარი ბროსეს ქუჩის გავლით იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩისკენ;

· უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, “ლაგუნა ვერეს” მიმართულებით;

· ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.