დედაქალაქში რიგით მეშვიდე თბილისიმარათონი იმართება
დედაქალაქში რიგით მეშვიდე თბილისიმარათონი იმართება

რიგით მეშვიდე თბილისიმარათონი, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იმართება, სტარტს 09:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. თბილისიმარათონის მარშრუტი კვლავაც თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.

ორგანიზატორები წელს თბილისიმარათონზე 3000-მდე მონაწილეს ელოდებიან.​ თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია ჰაიდელბერგცემენტი გააორმაგებს და წლევანდელ ბენეფიციარს – „პირველ ნაბიჯს – First step“-ს გადასცემს. შესაბამისად, თბილისიმარათონის თითოეული მონაწილე ქველმოქმედი ხდება. „პირველი ნაბიჯი“ მრავალპროფილიანი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, წარმატებით მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან.

თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. 2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის Official Timekeeping and Data Processing სისტემით მოხდება.