26 მაისის აქციის მონაწილე - სპეცრაზმელებმა აგვიყვანეს კინოთეატრის სცენაზე, დაგვაწვინეს და ჩვენზე დადიოდნენ, არ ვიცი, ვის ეძებდნენ
2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე სასამართლო განხილვები დაზარალებული მომიტინგეების დაკითხვით გაგრძელდა.
პროცესზე 2011 წლის 26 მაისის მიტინგზე დაშავებულ ორ მოწმეს მოუსმინეს. მოწმე კონსტანტინე კუჭავას განცხადებით, მან სახის არეში დაზიანებები მიიღო, რასაც ამ დრომდე მკურნალობს.
„2011 წლის 25 მაისი იყო, მე და ჩემი მეგობარი ვიყავით აქციაზე, სადაც მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. ვიდექით ჩიტაძის ქუჩის მხარეს, შემდეგ 12:00 საათისთვის მოვიდა ვიღაც და გვითხრა დაიშალეთო. ჩვენ წამოსვლა რომ დავაპირეთ, კორდონი მოდიოდა, ცუდი მხედველობა იყო. ჩიტაძე დაკეტილი იყო და ვერ წავიდოდით, ეს ფორმიანი ხალხი ზონდერები იდგნენ. სანამ დაშლა მოხდებოდა, მანამდე ვცდილობდით წასვლას. იქ კინო რუსთაველის გვერდზე რომ ქუჩაა, იქიდან ქალი მორბოდა არ ჩახვიდეთო. მეტროსკენ რომ წავედით, გუგუნი და სირენები მესმოდა. დამარტყა მერე ვიღაცამ თავში, რომ წამოვდექი, ვიღაცამ დაუძახა, მოხუცი კაცი ყოფილაო, იმან კიდე იქიდან უთხრა, მოკალიო. მაშინ მივიღე თვალსა და თავზე დაზიანება. მე რომ გამოვფხიზლდი, ხელბორკილები მედო და ვიჯექით, გვერდზე ერთი ახალგაზრდა იყო და მითხრა, ჩემს მაისურზე გაიწმინდე თავიო. ამ დროს დამესიენ და გრძნობა დავკარგე. იქ პოლიციაში რომ მიმიყვანეს, ხელბორკილები მომხსნეს. ვიღაც ახალგაზრდა კაცი იჯდა, მივიდა პოლიციელი და შეაგფინე ბურჯანაძესო, ამან არ შეაგინა და მერე ჩაარტყეს, მერე იმ ახალგაზრდამაც შეაგინა“, – განაცხადა მოწმე კონსტანტინე კუჭავამ.
რაც შეეხება კიდევ ერთი მოწმის ჩვენებას, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ყოფილი წევრი ლადო ბულბულაშვილი ჰყვება, რომ მას ფიზიკურად თავდაპირველად კინო „რუსთაველში“ გაუსწორდნენ, სადაც მომიტინგეებმა თავი შეაფარეს.
„12 საათი არ იყო ჯერ და ტერიტორიიდან გასვლა მინდოდა. ამ დროს დაიწყო პოლიციელების მსვლელობა და წყლის ჭავლი. გასვლა ვერ შევძელით და შევედი კინო „რუსთაველში“. იქ გამოაცხადეს, რომ ვისაც კინოს ბილეთები აქვს, მათ დატოვონ ტერიტორიაო. მერე სპეცრაზმელები ვისაც ნახავდნენ, რომ სველი ტანსაცმელი ეცვა, ეუბნებოდნენ, შენ აქციის მონაწილე ხარო და შიგნით ტოვებდნენ. დაგვსვეს რიგებში და მოყვებოდნენ რიგით. თავიდან დაიწყეს ლუკა კურტანიძის ცემით, განსაკუთრებული აგრესია ჰქონდათ თუ პირადობის მოწმობაში არ ეწერათ თბილისის მისამართი, უყვიროდნენ, რას მოდიოდითო და გვეუბნებოდნენ, ხუთი დღეა თქვენ გამო არ გვიძინიაო. აგვიყვანეს სცენაზე, დაგვაწვინეს და სპეცრაზმელები ჩვენზე დადიოდნენ, არ ვიცი, ვის ეძებდნენ“, – განაცხადა ლადო ბულბულაშვილმა.
მისი განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოზურგეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას. ასევე მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეეფარდა 30-დღიანი პატიმრობა.
საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხუთ ყოფილ ჩინოსანს აქვს წარდგენილი, მათ შორის არიან დათა ახალაია, ვასილ ლელუაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.