25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა — მიზნები, ფაქტები და სტატისტიკა მსოფლიოში
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა — მიზნები, ფაქტები და სტატისტიკა მსოფლიოში

25 ნოემბერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული. ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.

ისტორიულად, ეს თარიღი ეფუძნება 1960 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში სამი პოლიტიკური აქტივისტის, დები მირაბალების მკვლელობას. მკვლელობა დომინიკელმა დიქტატორმა, რაფაელ ტრუხილიომ შეუკვეთა. 1981 წელს, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ფემინისტურმა ორგანიზაციებმა 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ დააწესეს; 1999 წლის 17 დეკემბერს, ეს თარიღი გაერო-მ აღიარა სპეციალური რეზოლუციით.

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გამანადგურებელი ფორმაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ქალების ერთი-მესამედი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება ძალადობის მსხვერპლი. ეს რიცხვი მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან სხვადასხვა სტიგმის გამო, ამ ტიპის ძალადობა ხშირად გაუხმაურებელი რჩება. შედეგად, ბევრი მოძალადე დაუსჯელი რჩება.

ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობა ვლინდება ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ფორმებით, რაც მოიცავს:

  • ინტიმური პატრნიორის მხრიდან ძალადობას (ცემა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ქმრის მხრიდან გაუპატიურება, ფემიციდი);
  • სექსუალურ ძალადობას და შევიწროებას (გაუპატიურება, იძულებითი სქესობრივი აქტები, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა, იძულებითი ქორწინება, ქუჩაში შევიწროება, თვალთვალი, კიბერ-შევიწროება);
  • ადამიანთა ტრეფიკინგს (მონობა, სექსუალური ექსპლუატაცია);
  • ქალის გენიტალიების მუტაციას;
  • ბავშვთა ქორწინებას.

უფრო მეტი სიცხადისთვის, 1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოსცა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარაცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას შემდეგნაირად განსაზღვრავს:

„გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი აქტი, რომელიც იწვევს ან სავარაუდოდ გამოიწვევს ქალების სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს ან ტანჯვას. ასეთი ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს შორის არის თავისუფლების იძულებით ან თვითნებურად აღკვეთა, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში“.

ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ფსიქოლოგიური, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გვერდითი შედეგები ქალებზე გავლენას ახდენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

მართალია, გენდერული ნიშნით ძალადობა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას ნებისმიერს შეემთხვეს, მაგრამ ზოგიერთი ქალი და გოგონა განსაკუთრებით მოწყვლადია; მაგალითად, ახალგაზრდა გოგონები, ხანდაზმული ქალები, ქალები, რომლებიც საკუთარ თავს ლესბოსელებად, ბისქსუალებად, ტრანსგენდერებად ან ინტერსექსუალურად აღიქვამენ, მიგრანტები და ლტოლვილები, ეთნიკური უმცირესობები, აივ-ინფექციის მატარებელი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მცხოვრები ქალები.

ქალთა მიმართ ძალადობა კვლავაც ხელს უშლის თანასწორობის, განვითარებისა და მშვიდობის მიღწევას, ისევე, როგორც ქალებისა და გოგონების უფლებათა აღსრულებას.

გაერო-ს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ გაძლიერებულია ყველა ტიპის ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობა.

ფაქტები და რიცხვები გაერო-ს მონაცემებით

  • გლობალურად, ქალების 35 პროცენტს ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა პარტნიორის მხრიდან ან სექსუალური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან. ამ რიცხვში არ შედის სექსუალური შევიწროება. ზოგიერთ ქვეყანაში ჩატარებული შიდა კვლევის მიხედვით, ეს რიცხვი შეიძლება იქ 70 პროცენტამდეც აღწევდეს.
  • ზოგიერთ ქვეყანაში ზარები სატელეფონო დახმარების ხაზებზე ხუთჯერ არის გაზრდილი, რომელშიც ქალები COVID-19-ის პანდემიის გამო პარტნიორის მხრიდან ძალადობის გაზრდის შესახებ იუწყებიან.
  • 2020 წლის სექტემბრისთვის, 48 ქვეყანას COVID-19-ის მართვის გეგმებში შეტანილი ჰქონდა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების ზომები; 121 ქვეყანას შემოღებული აქვს ზომები, რათა გააძლიეროს გლობალური კრიზისის დროს ძალადობას გადარჩენილ ქალთა სერვისები.
  • ყოველდღიურად, მსოფლიოში საკუთარი ოჯახის წევრის ხელით 137 ქალი კვდება. დადგენილია, რომ 2017 წელს მსოფლიოში მოკლული 87 000 ქალიდან ნახევარზე მეტი ინტიმური პარტნიორის ან ოჯახის წევრის მიერ იყო მოკლული. იმავე წელს, მოკლულ ქალთა მესამედზე მეტი (30 000) იმჟამინდელი ან ყოფილი ინტიმური პარტნიორის მიერ იყო მოკლული.
  • ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხოლოდ 40 პროცენტზე ნაკლები ითხოვს რაიმე სახის დახმარებას. პოლიციას კი 10 პროცენტზე ნაკლები მიმართავს.
  • 155 ქვეყანაში მოქმედებს კანონები ოჯახში ძალადობის შესახებ, 140 ქვეყანაში კი სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებ.
  • გლობალურად გამოვლენილი ადამიანებით ტრეფიკინგის მსხვერპლთა 49 პროცენტი ახალგაზრდა ქალია. ამ მაჩვენებლის 72 პროცენტი ქალებზე მოდის; ბავშვთა ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის ყოველი ოთხიდან სამი გოგონაა. ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთა უმეტესობას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევენ.
  • 2019 წელს, 20-იდან 24 წლამდე ასაკის ყოველი ხუთი ქალიდან ერთი 18 წლამდე ასაკში გათხოვდა. გასული ათწლეულის განმავლობაში ბავშვთა ქორწინების მაჩვენებელი შემცირდა და ამ მხრივ ყველაზე დიდი კლება სამხრეთ აზიაში დაფიქსირდა.
  • 15-დან 49 წლამდე ასაკის სულ მცირე 200 მილიონ ქალს ჩატარებული აქვს გენიტალიების მუტაცია მსოფლიოს 31 ქვეყანაში, სადაც ეს პრაქტიკა დღემდე არსებობს. ამ მაჩვენებლის ნახევარზე მეტი დასავლეთ აფრიკაზე მოდის.
  • 15-დან 19 წლამდე ასაკის 15 მილიონამდე გოგონა მსოფლიოში იძულებითი სექსის მსხვერპლია.
  • ევროკავშირში ათიდან ყოველი ერთი ქალი ოდესმე გამხდარა კიბერ-შევიწროების მსხვერპლი 15 წლის ასაკის შემდეგ. მათ შორის არის არასასურველი და შეურაცხმყოფელი სექსუალური ხასიათის წერილები ელ.ფოსტაზე და სოციალურ ქსელებში. ეს რისკი ყველაზე მაღალია 18-29 წლის ქალებში.
  • ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ქალების 40-60 პროცენტი ქუჩაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. მათ შორის არის სექსუალური ხასიათის შეძახილები, თვალთვალი და ადევნება, გარყვნილი მანერით მზერა.
  • ხუთი რეგიონის მასშტაბით, ქალ პარლამენტართა 82 პროცენტი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო მანდატის ფლობის დროს გამხდარან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის ცხრა თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, შვიდ შემთხვევაში კი – სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა გადაცემა შეუერთდება ამ თარიღის აღნიშვნას და გააშუქებს ამ დღესთან დაკავშირებულ აქტივობებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა სპეციალურად ამ დღისთვის წითლად განათდება.