ჯიოევი - ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს რუსეთის ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადავცემთ
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო საშუალებები დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. წარმომადგენელზე მურატ ჯიოევზე დაყრდნობით წერენ.
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხზე დღეს ერგნეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმურ შეხვედრაზე იმსჯელეს.
მურატ ჯიოევის განცხადებით, ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ტატუნაშვილი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.
ჯიოევი აცხადებს, რომ ცხედარს ოჯახს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გადასცემენ. მისივე თქმით, მომხდარს პოლიტიკური სარჩული არ უნდა დაედოს.
ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი ჯიოევზე დაყრდნობით წერს იმ ორი მოქალაქის შესახებაც, რომლებიც ოკუპანტებმა დააკავეს, თუმცა ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.
„შაბათს ისინი გაათავისუფლეს და ამჟამად თავიანთ სახლებში, სოფელ ლენინგორში იმყოფებიან. ვინაიდან სამართალდამცველებს მათ მიმართ კითხვები კიდევ შეიძლება ჰქონდეთ, ისინი დროებით რჩებიან ამ ტერიტორიაზე“, – ამბობს ჯიოევი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.