23 ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს უკრაინის მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს
23 ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს უკრაინის მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
პარლამენტის სპიკერებმა ერთობლივ წერილში მოუწოდეს მაიკ ჯონსონს, განსახილველად წარადგინოს სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოიცავს.
სპიკერებს შორის არიან გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების პარლამენტების სპიკერები. ამასთან, წერილი ღიაა ხელმოწერისთვის პარლამენტის სხვა სპიკერებისთვის, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ მას.
„ჩვენი ქვეყნები მზად არიან, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინისა და მისი თავდაცვის ძალებისთვის. ამას აღიქვამენ, როგორც მნიშვნელოვან ინვესტიციას ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ უსაფრთხოებაში. ბოროტების ღერძი უნდა დავამარცხოთ და ყველა პასუხისმგებელი დაისაჯოს, რაც იქნება მნიშვნელოვანი პრევენცია შემდგომი კონფლიქტებისა და ჩვენს ხალხს აღუდგენს კონტროლის, უსაფრთხოების განცდას“, – ნათქვამია წერილში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ, პირველ რიგში, საჭიროა ზრუნვა აშშ-ის საჭიროებებზე.