21 ივნისს მზის დაბნელებაა — მოვლენა ნაწილობრივ საქართველოდანაც გამოჩნდება
13:49, 17.06.2020
დედამიწიდან ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაც ციურ სანახაობას ვხედავთ მაშინ, როდესაც მთვარე მზეს ნაწილობრივ აბნელებს და ვხედავთ მხოლოდ ვარსკვლავის კიდეების ცეცხლოვან რგოლს. სწორედ ასეთი სანახოაბის მომსწრე გახდება 21 ივნისს პლანეტის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.
ამ ფენომენს მზის რგოლისებრ დაბნელებას უწოდებენ. ხდება მაშინ, როდესაც მთვარე ორბიტაზე მოძრაობისას დედამიწიდან ძალიან შორსაა და შესაბამისად, ცაზე მზეზე უფრო პატარა ჩანს.
სწორედ ზომის ეს პატარა სხვაობა განაპირობებს იმას, რომ მზე რგოლისებურად ბნელდება და არა სრულად. სრულად დაბნელების დროს, მთვარე ჩვენთან ახლოს არის და ცაში ზუსტად ჩვენი დედავარსკვლავის ზომის ჩანს.
ასეთი დაბნელების გასაოცარ, შთამბეჭდავ მაგალითს ხედავთ მოცემულ ვიდეოში, რომელიც 2013 წლის მაისში დასავლეთ ავსტრალიაში გადაიღეს ფოტოგრაფმა კოლინ ლეგმა და ასტრონომიის სტუდენტმა ჯეოფ სიმსმა.
21 ივნისს, ასეთი რგოლისებრი დაბნელება გამოჩნდება ცენტრალური აფრიკიდან და აზიიდან, მრავალი სხვა რეგიონის მოსახლეობა კი ნაწილობრივ დაბნელებას იხილავს.
ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება საქართველოდანაც. 21 ივნისს, მზე დაბნელებას თბილისის დროით 08:49 საათზე დაიწყებს, პიკს 09:48 საათზე მიაღწევს, 10:52 საათზე კი დასრულდება.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე მოძრავი ჩრდილი მიუთითებს, საიდან გამოჩნდება ნაწილობრივი დაბნელება, ჩრდილის შუაში მოძრავი წერტილი კი რგოლისებრი დაბნელების ზონებს ასახავს.
დაბნელების პიკში მთვარე მზეს 99,4 პროცენტით დაბლოკავს, ჩრდილოეთ ინდოეთის ცაზე.
შემდეგი რგოლისებრი დაბნელება 2021 წლის 10 ივნისს მოხდება, მაგრამ სრულად მხოლოდ არქტიკიდან გამოჩნდება. იქამდე კი, 2020 წლის 14 დეკემბერს, მზის სრული დაბნელება მოხდება სამხრეთ ამერიკაში, ჩილესა და არგენტინის გარკვეულ ტერიტორიებზე.