21 ივლისი დედამიწაზე ყველაზე ცხელი დღე იყო აღრიცხულთა შორის — #1tvმეცნიერება
2024 წლის 21 ივლისი ყველაზე ცხელი დღე იყო, რაც კი ოდესმე კაცობრიობას აღურიცხავს გლობალურად.
ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სერვის „კოპერნიკის“ მონაცემებით, 21 ივლისს დედამიწის ზედაპირთან ჰაერის გლობალური საშუალო ტემპერატურა 17,09 გრადუსი ცელსიუსი იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მათ მონაცემთა ბაზაში, რომელიც აღრიცხვას 1940 წლიდან აწარმოებს.
ეს ყველაფერი ევროპასა და აშშ-ში სითბური ტალღებისა და ტყის ხანძრების მიზეზია.
ახალი მაჩვენებელი 0,01 გრადუსით აღემატება წინა რეკორდულ ტემპერატურას, 17,08 გრადუსს, რაც 2023 წლის 6 ივლისს დაფიქსირდა.
„21 ივლისს, „კოპერნიკმა“ გლობალური დღიური საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი დააფიქსირა. ახლა ნამდვილად უკონტროლო ტერიტორიაზე ვიმყოფებით და კლიმატის გათბობასთან ერთად, მომავალ თვეებსა და წლებში კიდევ ვიხილავთ ახალ რეკორდებს“, — ამბობს პროგრამის დირექტორი კარლო ბუონტემპო.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეკორდი წინას მხოლოდ ოდნავ აღემატება, ნამდვილად თვალშისაცემი ისაა, რომ გასულ 13 თვეში გლობალური სიცხის არაერთი რეკორდი დაფიქსირდა.
2023 წლის ივნისის შემდეგ, ყოველ მომდევნო თვეს ტემპერატურის საკუთარი რეკორდი ჰქონდა წინა წლების იმავე თვესთან შედარებით.
კლიმატის ცვლილება იწვევს უფრო ხანგრძლივ, ძლიერ და ხშირ ექსტრემალურ მოვლენებს, მაგალითად, სითბურ ტალღებსა და წყალდიდობებს. ეს წელი კი მართლაც გამოირჩევა გლობალური კატაკლიზმებით მთელ მსოფლიოში.
სითბური ტალღები წელს უკვე დაატყდა ჩრდილოეთ ამერიკას, ინდოეთსა და ტაილანდს. წყალდიდობებმა გადაუარა აღმოსავლეთ აფრიკას, ჩინეთსა და ბრაზილიას. ტყის ხანძრები უტევს სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილს.
გლობალური დათბობის ძირითადი მიზეზი წიაღისეული საწვავის წვაა. სუფთა ენერგიაზე გადასვლის ძალისხმევის მიუხედავად, მაინც იზრდება სითბოს დამჭერი აირების გამოყოფა, რაც სიტუაციას სულ უფრო ამწვავებს.
კოპერნიკის მონაცემებით, 2023 წელი ყველაზე ცხელი იყო აღრიცხულთა შორის და 2024 წელი ალბათ ამ რეკორდსაც მოხსნის.
მომზადებულია climate.copernicus.eu-ს მიხედვით.