2027 წელს, NASA სატურნის მთვარე ტიტანზე შვეულმფრენს გაუშვებს — #1tvმეცნიერება
12:08, 04.10.2022
ტიტანი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო ობიექტია. ჩაძირულია ნისლიან ატმოსფეროში, რომლის მიღმაც თხევადი ნახშირწყალბადების თავთხელი ტბები იმალება. ცნობილი ხდება, რომ 2027 წელს, სატურნის ამ თანამგზავრზე NASA რობოტულ შვეულმფრენს გაუშვებს.
შესაბამისად, ახლა უკვე შეგვიძლია უკეთესი წარმოდგენა გვქონდეს, თუ რა სახის სცენარი ელოდება NASA-ს მისია Dragonfly-ს.
აპარატი სატურნის უდიდეს მთვარესთან 2034 წელს მივა და სელკის კრატერის სიახლოვეს, შანგრი-ლას დიუნების ველზე დაეშვება. მკვლევრები ამ ზონას მეცნიერული თვალსაზრისით გამორჩეულს უწოდებენ, რომლის კვლევაც ღირს და მის შესახებ ჯერ ნამდვილად ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი.
ახალმა კვლევამ ამ რეგიონის ექვსი კონკრეტული ადგილი გამოავლინა, რომლებიც სავარაუდოდ, ქვიშის დიუნებითა და ყინულის ზედაპირით უნდა იყოს დაფარული. ეს ნაშრომი წარმოადგენს იმ მოდელებისა და ჰიპოთეზების საფუძველს, რომელთა შემოწმებასაც Dragonfly იქ ზონდის ჩაშვების შემდეგ შეძლებს.
„Dragonfly ტიტანის ეკვატორთან, მშრალ რეგიონში დაჯდება. ტიტანი ცივი, სქელი ატმოსფეროს მქონე, ნახშირწყალბადოვანი სხეულია. ზოგჯერ იქ თხევადი მეთანი წვიმს, მაგრამ უფრო დედამიწის უდაბნოებს ჰგავს, სადაც ნახავთ დიუნებს, პატარა მთებსა და დარტყმით კრატერებს. დაშვების ადგილს ახლოდან ვაკვირდებით, ვსწავლობთ მის სტრუქტურასა და ზედაპირს“, — ამბობს ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ლეა ბონფოი.
ამ ახლო დაკვირვებებს შორის არის ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებული რადარული გამოსახულებების დეტალური ანალიზი: იმის გარკვევა, როგორ იცვლება და ირეკლება რადარული სიგნალები სხვადასხვა კუთხიდან; შედეგად, მკვლევრებს გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ტიტანის ზედაპირის კონკრეტული მონაკვეთების შესახებ.
კასინის ფოტოების რეზოლუცია მხოლოდ დაახლოებით 300 მეტრია პიქსელზე. ამიტომ, ჯგუფმა ასევე გამოიყენა აპარატ „ჰიუგენსის“ მონაცემები, რომელიც 2005 წელს ახალი სამიზნე ადგილის სამხრეთით დაჯდა.
„მომდევნო რამდენიმე წელიწადში დიდ ყურადღებას მივაქცევთ სელკის კრატერის რეგიონს“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ალექს ჰეიესი.
Dragonfly ე. წ. შვეულმფრენი იქნება, ვერტმფრენის მსგავსი მოწყობილობა, ხრახნფრთიანი საფრენი აპარატი, რომელიც ჩვეულებრივი სამომხმარებლო დრონის მსგავსად იმუშავებს. მისი მასა დაახლოებით 450 კილოგრამი იქნება და ექნება მეტრის სიგრძის რვა როტორი.
ტიტანის სუსტად ქარიან, დაბალი გრავიტაციის ატმოსფეროში, Dragonfly მაქსიმუმ 36 კმ/სთ სიჩქარით იფრენს და დაშვების ადგილიდან სულ უფრო და უფრო შორს გაფრინდება.
იმის გამო, რომ ტიტანი მრავალმხრივ ჰგავს ადრეულ დედამიწას, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ბევრ რამეს ისწავლიან როგორც ჩვენი პლანეტის, ისე სატურნის მთვარეების შესახებ. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც Dragonfly დანიშნულების ადგილზე ჩავა, ტიტანის შესახებ გაცილებით მეტს შევიტყობთ, ზუსტად ისე, როგორც მავალმა Curiosity-მ გვასწავლა ძალიან ბევრი რამ მარსის შესახებ.