2023 წელს აღმოჩენილი ყველაზე უცნაური, გამორჩეული ეგზოპლანეტები — #1tvმეცნიერება
2023 წელს აღმოჩენილი ყველაზე უცნაური, გამორჩეული ეგზოპლანეტები — #1tvმეცნიერება

2023 წელს მეცნიერებმა მრავალი საოცარი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს.ეგზოპლანეტების რაოდენობამ კატალოგში უკვე 5 ათასს გადააჭარბა. მათ შორის არის ისეთი პლანეტებიც, როგორებიც არასოდეს გვქონდა ნანახი. წლის ბოლოს, ტრადიციულად, წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე გამორჩეულებს.

მძიმე ელემენტები შორეული გაზის გიგანტი პლანეტის ატმოსფეროში

ეგზოპლანეტა

წლის დასაწყისში, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით ჩატარებულმა დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ შორეულ ეგზოპლანეტა HD149026b-ის ატმოსფეროში არსებობს მძიმე ელემენტები — ნახშირბადი და ჟანგბადი.

ამ აღმოჩენამ მეცნიერები იმიტომ გააოცა, რომ ჩვენთან, მზის სისტემის გაზის გიგანტების, იუპიტერის და სატურნის ატმოსფეროში ძირითადად წყალბადი და ჰელიუმია. ზოგადი წესის მიხედვით, რაც უფრო დიდია პლანეტა, მის ატმოსფეროში მით უფრო ნაკლები მძიმე ელემენტია. ამ აღმოჩენამ ეს მოსაზრება თავდაყირა დააყენა.

პლანეტა დიდი ორბიტული პერიოდით და ზედაპირის დაბალი ტემპერატურით

ეგზოპლანეტა

NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა 2023 წელს დაახლოებით 2000 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, მაგრამ მათ შორის არის ერთი განსაკუთრებული, გაზის გიგანტი, სახელად TOI-4600c.

აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა უმეტესობა თავის ვარსკვლავთან საკაოდ ახლო მანძილზე მოძრაობს, მაგრამ TOI-4600c დედავარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 482,82 დღეს, ანუ 16 თვეს ანდომებს. შედეგად, მას ყველაზე გრძელი ორბიტული პერიოდი აქვს TESS-ის მიერ აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა შორის. ამავე დროს, ძალიან დაბალია ამ გაზის გიგანტის ზედაპირის ტემპერატურაც, -78 გრადუსი ცელსიუსი.

იშვიათი პლანეტური სისტემა ექვსი „ქვენეპტუნით“

ეგზოპლანეტა

ჩვენგან დაახლოებით 100 სინათლის წლის მანძილზე, ასტრონომებმა შენიშნეს პლანეტური სისტემა, რომელშიც ექვსი პლანეტა დედავარსკვლავის გარშემო უკიდურესად ახლო მანძილიდან მოძრაობს. იმდენად ახლოს, რომ ექვსივე პლანეტა მოთავსდებოდა მზესა და მერკურის შორის მანძილში.

ასტრონომთა აზრით, ეს სისტემა მილიარდობით წლის განმავლობაში არ შეცვლილა, რადგან პლანეტები სრულყოფილი მათემატიკური რეზონანსით მოძრაობენ.

ციცქნა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გიგანტური პლანეტა

ეგზოპლანეტა

უკიდურეს შესაძლებლობათა ძებნისას, ასტრონომებმა აღმოაჩინეს მასიური ეგზოპლანეტა, სახელად LHS 3154 b, რომელიც დედამიწაზე 13-ჯერ მასიურია და გარს უვლის ჩვენგან დაახლოებით 51 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ულტრაცივ წითელ ჯუჯა ვარსკვლავს.

ზომით ეს პლანეტა ნეპტუნს წააგავს, მაგრამ მისი ვარსკვლავი ჩვენს მზეზე ცხრაჯერ ნაკლებად მასიურია. პროპორცია ამ პლანეტასა და მის დედავარსკვლავს შორის ასჯერ დიდია დედამიწა-მზის მასათა პროპორციაზე.

მოძრავი ეგზოპლანეტის ყველაზე ხანგრძლივი ვიდეო

ეგზოპლანეტა

17-წლიანი მონაცემების გამოყენებით, ასტრონომებმა ეგზოპლანეტა ბეტა მხატვრის b-ის ორბიტის თაიმლეფსი ვიდეო შექმნეს. მონაცემები 10-წამიან ვიდეოში ჩაატიეს, რაც ვარსკვლავის გარშემო ამ პლანეტის ორბიტის 75 პროცენტს ასახავს. ერთ გარშემოვლას ის დედამიწის 23 წელიწადს ანდომებს.

პლანეტა მდებარეობს დედამიწიდან 64 სინათლის წლის მანძილზე და აქვს 12 იუპიტერის მასა.

სისტემა TRAPPIST-ის პლანეტები მერკურის წააგავს

ეგზოპლანეტა

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა-ინფრაწითელმა ინსტრუმენტმა (MIRI) დაადგინა, რომ TRAPPIST-ის პლანეტური სისტემის ორ შიდა პლანეტას ატმოსფერო არ აქვს. TRAPPIST-1b, რომელიც დედამიწაზე ოდნავ უფრო მასიურია, სავარაუდოდ ერთი უსახური კლდოვანი სხეულია, არ აქვს ატმოსფერო და ზედაპირზე ტემპერატურა 232 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

სამი თვის შემდეგ ასეთივე აღმოჩენა გაკეთდა სისტემის კიდევ ერთ პლანეტაზე, TRAPPIST-1c-ზე. ატმოსფეროს არარსებობის მიზეზად ასტრონომებს მათი დედავარსკვლავის სასტიკად აქტიურობა მიაჩნიათ.

ნისლში გახვეული მინინეპტუნი

ეგზოპლანეტა

პლანეტური მეცნიერები ჯეიმს ვებით მინინეპტუნის ტიპის პლანეტას, Gliese 1214 b-ს დააკვირდნენ და დაადგინეს, რომ მას გარს აკრავს მკვრივი ნისლი ან ღრუბლის ფენა. ამრეკლავი ატმოსფეროს გამო, ამ პლანეტაზე დაკვირვება თავდაპირველად ძლიერ ჭირდა, მაგრამ მკვლევართა აზრით, პლანეტა დიდი ოდენობით წყალს შეიცავს.

ის ჩვენგან დაახლოებით 48 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და დედავარსკვლავს ძალიან ახლოდან უვლის გარშემო. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, მის ზედაპირზე თხევადი ოკეანის არსებობა. მინინეპტუნებს დედამიწაზე დიდ, მაგრამ ნეპტუნზე პატარა პლანეტებს უწოდებენ და ამ კლასის პლანეტა მზის სისტემაში არ გვაქვს.

პლანეტა ლითონის ღრუბლებით

ეგზოპლანეტა

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, სახელად LTT9779 b, რომელიც თავისი დედავარსკვლავისგან მიღებული სინათლის 80 პროცენტს უკან აირეკლავს. შედარებისთვის, დედამიწა მზის სინათლის მხოლოდ 30 პროცენტს ირეკლავს. ეს ულტრაცხელი პლანეტა ჩვენგან დაახლოებით 264 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ასე ძლიერ ამრეკლავი მის ატმოსფეროში დიდი ოდენობით ლითონების შემცველობის გამოა.

მისი მასა დედამიწისას ხუთჯერ აღემატება და ასტრონომები აღმოჩენილთა შორის უდიდეს „კოსმოსურ სარკეს“ უწოდებენ.

პლანეტა, რომელიც ატმოსფეროს კარგავს

ეგზოპლანეტა

დაკვირვებათა შედეგად, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ჩვენგან დაახლოებით 950 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტა თავის ვარსკვლავთან უკიდურესი სიახლოვის გამო, ატმოსფეროს დიდი სიჩქარით კარგავს. ამ პლანეტას HAT-P-32 b ჰქვია და იუპიტერის მასის დაახლოებით 68 პროცენტი აქვს, თუმცა, ზომით მზის სისტემის გიგანტს ორჯერ აღემატება.

HAT-P-32 დედავარსკვლავიდან დაახლოებით ხუთი მილიონი კილომეტრით არის დაშორებული, ანუ, დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილის მხოლოდ 3 პროცენტით და ერთ გარშემოვლას 2,2 დღეს ანდომებს. ასეთი სიახლოვის გამო, გაზის ამ გიგანტს დედავარსკვლავის რადიაცია ხრუკავს. ამიტომ, HAT-P-32 მიეკუთვნება პლანეტების ტიპს, რომელსაც „ცხელ იუპიტერებს“ უწოდებენ.

ასტრონომები აკვირდებოდნენ პლანეტის მიერ წარმოქმნილ გაზის კუდს, რომელსაც მისი ატმოსფეროდან გასული ჰელიუმი ქმნის.

ორი პლანეტა ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში

ეგზოპლანეტა

მიუხედავად იმისა, რომ ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ, კოსმოსში საკმაოდ ბევრია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ სისტემებში პლანეტებიც იყოს. ამის მიზეზი ის არის, რომ პლანეტური სისტემის ახალგაზრდობის ფაზაში, ორმაგი ვარსკვლავები პლანეტათა წარმომქმნელ დისკოებს ანადგურებენ. ამ დრომდე მხოლოდ ერთი ორმაგი სისტემა იყო ცნობილი რომელსაც რამდენიმე პლანეტა ჰქონდა.

სისტემა TOI-1338 ჩვენგან დაახლოებით 1320 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. პლანეტა, რომელსაც TOI-1338b უწოდეს, სისტემის ორივე ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. მისი მასის დადგენის მცდელობისას, ასტრონომებმა იქ მეორე პლანეტაც აღმოაჩინეს.

გადახრუკული პლანეტა, რომელსაც აორთქლებული ქანების ატმოსფერო აქვს

ეგზოპლანეტა

პლანეტაზე, სადაც ტემპერატურა 2400 გრადუსი ცელსიუსია, საკმარისი, რათა რკინა აორთქლდეს, მკვლევრებმა ატმოსფეროში 11 ქიმიური ელემენტი აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი ატმოსფერო ქანების წარმომქმნელი ელემენტებისგან შედგება.

ეს პლანეტა ჩვენგან დაახლოებით 634 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ასე ცხელი საკუთარ ვარსკვლავთან, WASP-76-თან ზედმეტი სიახლოვის გამოა — მათ შორის მანძილი მერკურისა და მზეს შორის არსებულის მეთორმეტედია.

TESS-მა რვა სუპერდედამიწა აღმოაჩინა

ეგზოპლანეტა

NASA-ს პლანეტებზე მონადირე კოსმოსური ტელესკოპის, TESS-ის მონაცემებში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის რვა პლანეტაეგზოპლანეტათა კლასი, რომელშიც შედიან დედამიწაზე დიდი, მაგრამ ნეპტუნზე პატარა კლდოვანი პლანეტები.

ასტრონომები სუპერდედამიწებით განსაკუთრებით არიან დაინტერესებული, რადგან ამ მასის პლანეტები ჯერ საკმაოდ მწირადაა აღმოჩენილი.

ეგზოპლანეტური მეცნიერება წლიდან წლამდე საგრძნობლად ვითარდება. 2024 წელს შეიძლება აღმოაჩინონ ისეთი პლანეტები, რომელთა არსებობაც კი წარმოუდგენლად მიგვაჩნდეს. დაველოდოთ, 1tv.ge ყველა ასეთ ამბავს მომავალ წელსაც დეტალურად გიამბობთ.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.