კოალიცია, „განათლება ყველასათვის“ ინიციტივით, დღეს 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ღონისძიება გაიხსნა. კონკურსი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით ტარდება, წელს მესამედ გაიმართება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე წელს გვაქვს – ნომინირება. წინა წლისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის წარდგენა არა მხოლოდ სკოლებს შეეძლებათ, არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც. ასევე, 2019 წელს შემოგვაქვს „ქრაუდფანდინგის“ ელემენტი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, მხარი დაუჭიროს პროექტს და გახდეს ჯილდოს დონორი. ვფიქრობთ, გარდა ჩართულობისა, დაინტერესებულ პირებს გაუჩნდებათ ერთგვარი კუთვნილების განცდა ჯილდოსთან“, – განაცხადა კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge 1-ელი მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, 5 სექტემბერს ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება.
გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე „ლიბერთი“ ბანკი, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას 2019 წელს ბაქსვუდის სკოლა და გიმნაზია „შავნაბადა“ უერთდებიან. ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების ორკვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.
ღონისძიების გახსნას ესწრებოდა სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც აღნიშნული ჯლდოს 2017 წლის გამარჯვებულია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას.