2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით საშინაო ვალი 400 მილიონი ლარით იზრდება
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება საშინაო ვალის ზრდასაც შეეხო. პროექტის მიხედვით, 2019 წლის ბოლომდე სახელმწიფო დაგეგმილი 500 მილიონი ლარის ნაცვლად, 900 მილიონი ლარის საშინაო ვალს აიღებს.
საშინაო ვალის ზრდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიით ხდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდა, ერთი მხრივ, დაკავშირებულია ფინანსური ბაზრის განვითარების ღონისძიებებთან. კერძოდ, გასულ წელს განხორციელდა ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვება, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს 2020 წლის იანვარში და შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე საჭიროა რესურსების მობილიზება. ასევე, მუნიციპალიტეტებში დაწყებული კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად დამატებითი რესურსების მობილიზება გახდა საჭირო.
ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ მობილიზებული რესურსის ნაწილი მიიმართება განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად, კერძოდ ასაკით პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლების ჯილდოების გასაცემად, რომლებიც ტოვებენ განათლების სისტემას, ასევე რესურსები გათვალისწინებულია მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდისთვის.