2018 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოვლინდა
2018 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაბინძურების კუთხით, შარშან გამოვლინდა მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების 153 ფაქტი; სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების 154 ფაქტი; შლამისებრი ნივთიერებებით, ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება – 36 ფაქტი; ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – 17 ფაქტი; მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – 107 ფაქტი; სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა – 37 ფაქტი.

გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად, დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით, პატრულირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი სანქციებს ითვალისწინებს, კერძოდ 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება იწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან – დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, დამრღვევის დაჯარიმებას  – 120 ლარის ოდენობით. ამასთან, 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით, 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება 500 ლარით ჯარიმდება. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრო ნათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის 100 ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის 150 ლარი, იურიდიული პირისთვის  500 ლარი.

გარდა ამისა, კანონით, 1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული 1500 ლარით.