ლევან დავითაშვილი - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღებასთან დაკავშირებით, რეფორმა ძალიან ახლოსაა განხორციელებასთან
ლევან დავითაშვილი - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღებასთან დაკავშირებით, რეფორმა ძალიან ახლოსაა განხორციელებასთან

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღება ნამდვილად აქტუალური საკითხი და მნიშვნელოვანი რეფორმაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა კითხვაზე, მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების კუთხით რატომ არ ხდება კანონის ქვემდებარე აქტების ამოქმედება, რომელიც შესაფუთ მასალებს ეხება.

მინისტრის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თვალსაზრისით და ასევე, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების კუთხით.

„როდესაც ვსაუბრობთ მწვანე ეკონომიკის ან მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე, ეს უკანასკნელი თავის თავში მოიცავს ცირკულარული ეკონომიკის ელემენტებს. ცირკულარული ეკონომიკის სტიმულირების ალბათ ყველაზე მსხვილი პაკეტია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღება – პოლიტიკა, რომელიც ქვეყანამ აირჩია, საკანონმდებლო დონეზე მიიღო გადაწყვეტილებები და ახლა კანონქვემდებარე აქტებზე მიდგა ჯერი. ფაქტობრივად,  ბიზნესთან შეთანხმებების პროცესი დასრულებულია.  საკანონმდებლო ინიციატივას წინ უსწრებდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები ბიზნესთან. გათვალისწინებულია ბიზნესის ყველა მოსაზრება არაერთი შეხვედრის შემდეგ. ეს რთული და ვფიქრობ, ისტორიული რეფორმა ძალიან ახლოს არის განხორციელებასთან. ჩვენ უკვე დავუბრუნდით სამუშაო რეჟიმს, მთავრობის უკვე მეორე სხდომა გაიმართა ჩვეულებრივ რეჟიმში და შესაბამისად, მთავრობის უახლოეს სხდომაზე გამოვიტანთ პაკეტს“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, პროექტი შეთანხმებულია სამინისტროებთან. შესაბამისად, პროცესი მალე დაიძრება, რათა ძირითადი მიმართულებით, რაც უკავშირდება ოთხ პროდუქტს, უახლოეს ხანებში  იქნას მიღებული მთავრობის დადგენილება.

„რაც შეეხება შესაფუთ მასალებს, რომელიც ყველაზე სპეციფიკური და რთულია, ამაზე მიმდინარეობს და დასრულდება კონსულტაციები, მათ შორის მუნიციპალიტეტებთან, რადგან მათი როლის დაბალანსებაც გასათვალისწინებელია. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უკავშირდება ე.წ. სადეპოზიტო და იმ თანამედროვე სისტემებს, რომელიც ყველაზე წარმატებულია ევროპის ქვეყნებსა და მსოფლიოში. ის გულისხმობს კონკრეტულად მწარმოებლის მხრიდან პლასტიკის ამ თუ იმ შესაფუთი მასალის ჩაბარების ვალდებულებას. ეს ბოთლებს ეხება, მაგრამ საერთოდ, შესაფუთი მასალებიც ძალიან დიდ ნარჩენს წარმოქმნის და დიდი სანედლეულო წყაროა ზოგადად ბიზნესისა და გადამუშავებისთვის. ვხედავთ, რომ ბიზნესში არის დიდი ინტერესი. „კოვიდთან“ დაკავშირებული ჩვენი გეგმებით, მცირედით გადაიწია, მაგრამ დღის წესრიგში რჩება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.