ნარჩენების მართვის სტრატეგიის შექმნის მიზნით, საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
ნარჩენების მართვის სტრატეგიის შექმნის მიზნით, საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ნარჩენების მართვის სტრატეგიის შექმნის მიზნით, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერა.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ნახევარმილიონიანი გრანტი გამოყო.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო ნახევარმილიონიანი გრანტი, რომელიც მთლიანად მოხმარდება თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომ თბილისი ეტაპობრივად გადავიდეს სეპარირებული სისტემის ჩამოყალიბებაზე, რაც დაკავშირებული იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან და გარკვეული ფინანსური წახალისების მექანიზმების დანერგვასთან,“ – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გრანტის საფუძველზე უკვე შესყიდულია საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით შეირჩა. შერჩეული კომპანიის ვალდებულებებს შორისაა არსებული მდგომარეობის შესწავლა და ნარჩენების განთავსების შესახებ პირველადი კვლევების ჩატარება.

როგორც მერიაში აცხადებენ, სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდება სამოქმედო გეგმა ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისთვის. გარდა ამისა, შეიქმნება ნარჩენების მოსაკრებლის განაკვეთის გამოთვლის ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ნარჩენების მართვის ხარჯების ამოღებას, ხოლო მეორე მხრივ წაახალისებს საზოგადოებას.