2017 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, უფასო მედიკამენტების პროგრამით 40 627-მა მოქალაქემ ისარგებლა
2017 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, უფასო მედიკამენტების პროგრამით საქართველოს 40 627-მა მოქალაქემ ისარგებლა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ (ე.წ. უფასო მედიკამენტების) პროგრამით სარგებლობა, პირველ ეტაპზე, ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირს შეეძლო, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით.
მიმდინარე წლის აგვისტოდან შეღავათებით სარგებლობა ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია. პაციენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საჭირო მედიკამენტები ნახევარ ფასად იყიდონ.
სამინისტროს ცნობით, 3 სექტემბრიდან პროგრამა კიდევ ერთხელ გაფართოვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ასაკით პენსიონერებსაც შეუძლიათ.
პროგრამა ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი).
დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უფასო მედიკამენტების პროგრამა წლის ბოლომდე კიდევ გაფართოვდება და 60-მდე დასახელების წამალი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული პროგნოზის თანახმად, პროექტით 150–200 000 ადამიანმა უნდა ისარგებლოს.