2007 წლის 7 ნოემბრის საქმის მოწმე - რეზინის ტყვია არ იყო, რაც ფეხში მომხვდა, მარცხენა ფეხის ძვალი მთლიანად დამემსხვრა, რეზინის ტყვია ამას ვერ იზამდა, ფეხის მოჭრაზეც იყო საუბარი, კანი აღდგენას ვერ ახერხებდა
2007 წლის 7 ნოემბრის საქმის მოწმე - რეზინის ტყვია არ იყო, რაც ფეხში მომხვდა, მარცხენა ფეხის ძვალი მთლიანად დამემსხვრა, რეზინის ტყვია ამას ვერ იზამდა, ფეხის მოჭრაზეც იყო საუბარი, კანი აღდგენას ვერ ახერხებდა

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დაზარალებულები იკითხებიან.

მოწმე ნიკოლოზ დიდიშვილმა გაიხსენა, როგორ მიიღო მძიმე დაზიანებები რიყეზე მიტინგის დარბევის დროს. როგორც მან განაცხადა, სამართალდამცველის სროლის შედეგად ორივე ფეხის მძიმე დაზიანება მიიღო. მისივე თქმით, ეს არ იყო რეზინის ტყვია, რადგან წვივის ძვალი მთლიანად ჩამსხვრეული ჰქონდა და ასეთ დაზიანებას რეზინის ტყვიით ვერ მიიღებდა. ნიკოლოზ დიდიშვილის განცხადებით, სამართალდამცველებს გზა ჩახერგილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება არ შეეძლოთ. მანვე დაადასტურა დარბევაში საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა.

„ერთი ფეხი კანზე მეკიდა, მეორე დამწვარი მქონდა, გამვლელს ვთხოვე დახმარება. გამვლელ მანქანაში ჩამსვეს და ე.წ. არამიანცში მიმიყვანეს. საჯარისო დანაყოფები მითითებებს იღებდნენ, ემზადებოდნენ რაღაცებისთვის. პოლიციელების და რობოკოპების კორიდორი იყო, ჩაკეტილი იყო გზა, გასასვლელი, ხალხის დიდი ნაწილი ვერ გავიდა. რეზინის ტყვია არ იყო, რაც ფეხში მომხვდა. ორივე ფეხზე დამწვრობა მივიღე, მარცხენა ფეხი მთლიანად დამემსხვრა, კანზე ეკიდა ფეხი. რეზინის ტყვია ამას ვერ იზამდა. ფეხის მოჭრაზეც იყო საუბარი, კანი აღდგენას ვერ ახერხებდა“, – განაცხადა მოწმემ.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში აქვს ბრალი წარდგენილი. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მონაწილეობს.