20 ივნისიდან უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორებისთვის გაიხსნება
20 ივნისიდან უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორებისთვის გაიხსნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკვე მზადაა, აღნიშნული სივრცეები ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ეტაპობრივად გახსნას. ამასათან, ტურისტული ნაკადების გაზრდის სტიმულირებისთვის, სააგენტო მის მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების სატარიფო განაკვეთებს შეცვლის. მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვიზიტორებითვის სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბილეთის ფასი განახევრდება. ამავდროულად, მომდევნო წლიდან ქვეყნის ტურისტულ მარშრუტებს ახალი მიმართულებებიც შეემატება.
დღეს სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ერთად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ის ობიექტები მოინახულეს, რომლის სახით 2021 წლიდან ტურისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს ახალ შემეცნებით გასართობი სივრცეები ექნებათ ხელმისაწვდომი. ახლო მომავალში სრული დატვირთვით ამოქმედდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თანამედროვე მულტიმედიური ექსპოზიციით იქნება აღჭურვილი. ტურისტულ მარშრუტებს შეემატება რესტავრირებული და ორიგინალური ატრაქციებით გამრავალფეროვნებული სხვილოს ციხეც. აღნიშნულ ობიექტებზე სარეაბილიტაციო და სამუზეუმო მოწყობის სამუშაოები განხორციელების ეტაპზეა და მათი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.