20 იანვარს მხატვრული ფილმის „ექვთიმე თაყაიშვილი“ პრემიერა გაიმართება
20 იანვარს, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე თაყაიშვილი“ პრემიერა გაიმართება. მანამდე კი, 18 იანვარს 11:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის ჩვენება მედიის წარმომადგენლებისთვის შედგება.
კინოჩვენების შემდეგ, გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის როლის შემსრულებელი, გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი დაესწრება.
ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.
ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში, ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს – ცდუნებას!
სურათში ასევე, ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.