20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ლევან ჯიქური გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ლევან ჯიქური 2 000-ლარიანი გირაოთი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარეც დაეთანხმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდების მხარემ წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქმის პროკურორების განცხადებით ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და სამედიცინო დახმარება სჭირდება.
სასამართლოს სხდომაზე ლევან ჯიქურმა განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ვიდეოშიც ჩანს, ის ფარით მოქმედებდა, თუმცა ჯგუფურ ძალადობას არ ეთანხმება.
„მე დამნაშავედ არ ვცნობ თავს. რაც კადრში ჩანს, რომ მე რაღაცა ფარს ვხმარობ, მაგ ნაწილში ვაღიარებ, ჯგუფურ ძალადობას არ ვაღიარებ. სასამართლოში გავიცანი ეს ხალხი. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. 50 დღე ვიშიმშილე, რათა ამ დღისთვის მიმეღწია. მე აქციაზე მივედი, რადგან იქ ხალხს ტყვიებს ესროდნენ და ვინმეს რამეში დავხმარებოდი. ბოლოს სროლა რომ დაიწყეს, ჩემს მეუღლესაც ასცდა და შეკავების მიზნით გამოვიყენე ის ფარი, რომ აღარ ესროლათ. რამდენიმე დღით დავისვენებ და მერე გეტყვით ჩემს პოზიციას“, – განაცხადა ლევან ჯიქურმა.
ამასთან, ლევან ჯიქურმა და მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ უცნეს.
„დაცვის მხარემ დოკუმენტები წარმოადგინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც მას ნამდვილად აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. დაცვის მხარემ უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულება და თავისი ბრალდება აღიარა, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მისგან ნაკლებად მომდინარეობს მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე, რის გამოც დაეთანხმა დაცვის მხარეს. ის თავის ბრალდებას აღიარებს, რომ იმყოფებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და განახორციელა ის ქმედებები, რაც ასახულია ვიდეო მასალაში“, – განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა განაცხადა, რომ ის უკვე ცხრა დღეა შიმშილობს და შიმშილობას შეწყვეტს, თუ ბრალდებულ ლევან ჯიქურის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიება იქნება გამოყენებული.
დღეს 20-21 ივნისის მოვლენებზე ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის სასამართლო გაიმართა.