20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე გენერალურ პროკურატურას მიმართავს
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე გენერალურ პროკურატურას მიმართავს

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

მარი სარქსიანმა საგამოძიებო უწყებაში განცხადება მისი მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტანა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლევან ჯიქური ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მისი დაკავების შემდეგ კი, ოჯახის წევრები გაჭირვების წინაშე დადგნენ. გარდა ამისა, მარი სარქსიანის თქმით, ლევან ჯიქური მოძალადე არ არის და უსამართლოდაა დაკავებული.

„ჩვენს ოჯახს ძალიან გაუჭირდა ლევანის გარეშე. ლევანი არის ჩვენი ოჯახის მარჩენალი და მოვითხოვთ, რომ გირაოს სახით გამოუშვან. 27 აგვისტოს გვაქვს სასამართლო და იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ ამ ჩვენს ოჯახურ მდგომარეობას. მყავს შვიდი წლის შვილი, მეორე ჯგუფის ინვალიდი დედა, რომელსაც არ შეუძლია ბავშვის მოვლა, მეც რვა ოპერაცია მაქვს გაკეთებული და კიდევ ვარ საოპერაციო, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, მიბჯენილი ვართ უმეტესად ლევანიზე, რადგან სულ მიწევს წოლა, ექიმებთან სიარული. მაქვს ბანკის ვალი, ამას ვერ გავწვდები ჩემით. ის არ მიეკუთვნება არც ერთ პარტიას, მეორე ის, რომ არავინ არ დაშავებულა იქ და თვითონვე მოხვდა გაუგებრობაში, ის არ არის კრიმინალი“, – განაცხადა სარქსიანმა.

ლევან ჯიქური 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 17 ივლისს დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი 27 აგვისტოს გაიმართება.