18 ივლისს სასტუმრო „ბილტმორში“ პრევენციული ჯანდაცვის კონფერენცია გაიმართება
18 ივლისს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება შეკრება, სახელწოდებით „პრევენციული ჯანდაცვის კონფერენცია“. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პრევენციული ჯანდაცვის მნიშვნელობის თაობაზე, უმთავრესად, ონკოლოგიური დაავადებების კონტექსტში. როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, პრევენციული მედიცინის როლი ჯანდაცვის სისტემაში უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე.
„პრევენციული მედიცინის გაძლიერება ხელს შეუწყობს დაავადებების ადრეულ გამოვლენას, მკურნალობის ეფექტურობის გაზრდას და, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ღონისძიებას დაესწრება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და 200-მდე სპეციალურად მოწვეული სტუმარი.
პროგრამა მოიცავს:
– ექსპერტების გამოსვლებს პრევენციული ჯანდაცვის თემაზე;
– კიბოს პაციენტების პირად ისტორიებს;
– პარტნიორებისა და მხარდამჭერების პრეზენტაციებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ;
– საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას, სადაც წარმოდგენილი იქნება მიმდინარე და ყოფილი ონკოპაციენტების ნამუშევრები;
„კონფერენცია ხაზს უსვამს რეგულარული სამედიცინო შემოწმების ქცევის ნორმად დანერგვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას – ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის“, – აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
კონფერენცია 18 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება.