16 წლის გიორგი ჩახნაშვილის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მეწარმეები სწრაფად შეძლებენ ცოდნის მიღებას
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაწყებული პროექტი ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირების მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავიდა.
ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის ცოდნის მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დროის მინიმალური დანახარჯით გახდება შესაძლებელი.
16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind შესაძლებლობას იძლევა, გააანალიზოს მოცულობითი ინფორმაცია და მათ შორის, შეარჩიოს ლოგიკურად ყველაზე შესაბამისი პასუხი. ამასთან, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავად შესძინოს ხელოვნური ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად, ვიდეოს საყურებლად თუ სხვა.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მეწარმეობის, ინოვაციებისა და სტარტაპის განვითარების მოდელების შესწავლას მომხმარებელი ახალი პლატფორმის გამოყენებით მალე შეძლებს. პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.
ხელოვნური ინტელექტის რესურსი განუსაზღვრელია მსოფლიოში. ის თანდათან ინტეგრირდება ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა, წარმოება, ტურიზმი, მენეჯმენტი, მარკეტინგი და ასე შემდეგ. განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური ტრენდია და ის მნიშვნელოვნად ეხმარება ქვეყნებს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებაში.
პროგრამის დახურული წარდგენა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წლის ბოლომდე დაინერგება და ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორებსა და სტარტაპერებს მასში ჩართვა შეეძლებათ. რაც შეეხება თავად Digital Mind-ს, პროგრამა ჯერ მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს პლატფორმის ქართულ ვერსიაზე.