15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე დაიკითხა
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე დაიკითხა

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისი დაკითხეს, რომელსაც უფლებამოსილება აქვს შეჩერებული.

ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რევაზ მამასახლისის ადვოკატმა დაუდასტურა.

ადვოკატ ვახტანგ კვიჟინაძის ინფორმაციით, მამასახლისი თანამშრომლობს გამოძიებასთან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმედ გუშინ დაიკითხა, პასუხები გასცა გამოძიების კითხვებს და გამოუშვეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან არ მაქვს ნებართვა ინტერვიუების და პოზიციას რამდენიმე დღეში დავაფიქსირებთ. მე მისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები. გამოძიებას გასცა ამომწურავი პასუხები. ის სრულ ნდობას უცხადებს საგამოძიებო ორგანოს“, – განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.

მისი თქმით, რევაზ მამასახლისი მოზარდის დაკითხვაში არ მონაწილეობდა.

„თვითონაც ძალიან განიცდის, ამხელა ტრაგედიაა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულის ხელმძღვანელი პირია“, – განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.