სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფები 15 სექტემბრიდან სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფები სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებიან.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ტესტირება პანდემიის მართვისას არის ერთ-ერთი მთავარი.
„საკმაოდ დიდი ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში, ბოლო ერთ თვის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასი ყოველდღიური ტესტი პისიარი და ანტიგენის ტესტი, სადღაც სექტემბრის 15-დან ვფიქრობთ, რომ ესენციური ჯგუფები, ვინც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით, მათ ვალდებულება ექნებათ, რომ ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ თუ ვაქცინირებული იქნებიან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამას. თუ არ იქნებიან ვაქცინირებული, მაშინ დამსაქმებელმა ან თავად უნდა გადაიხადოს, რადგან სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასოდ მათ მიაწოდოს ვაქცინა და აცრას, კეთილი ინებონ და აიცრან, თუ არადა ვალდებულებაა, რომ ისინი გარკვეულ პერიოდში, კვირაში ან ორკვირაში ერთად ტესტირებული იქნებიან. მაშინ დადგება საკითხი, რომ ტესტირება ჩატარდეს დამსაქმებლის ხარჯზე ან თავად იმ პერსონის ხარჯზე, ეს წინადადებაც წარდგენილია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე, ვინ არიან ჯგუფები, რომელთაც სახელმწიფო უკეთებს ტესტებს, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ესენი არიან სხვადასხვა მოლების, მაღაზიების, მასწავლებლების გარკვეული ჯგუფები, პოლიციის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებიან.
„ესენციური ჯგუფები არიან ისინი, ძირითადად ვისაც ვტესტავთ ჩვენ, იგივე ჩემი კოლეგები, მაგრამ ჩემს კოლეგებზე გამონაკლისი იქნება, ისინი წინა ხაზია. ესენი არიან სხვადასხვა ესენციური ჯგუფები, როგორიც არიან სხვადასხვა მოლების, მაღაზიების, იგივე მასწავლებლების გარკვეული ჯგუფები, იგივე პოლიციის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებიან. დიდია ეს ჩამონათვალი 975 ასეთი დადგენილებაა მთავრობის, სადაც შეგიძლიათ, ნახოთ, ვინ არიან ისინი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ აიცრან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას, თუ არ აიცრებიან, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავად ან დამსაქმებელი გადაიხდის ტესტირების თანხას“, – განაცხადა გამყრელიძემ.