14:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე ამჟამად არანაირი ხარვეზი აღარ შეინიშნება.
მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინაზე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 107 157 ადამიანი დარეგისტრირდა და აღნიშნა, რომ პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, ხალხის დიდი ნაკადის გამო, საიტი შედარებით ნელა მუშაობდა, თუმცა რამდენიმე საათში ეს პრობლემები სრულიად მოიხსნა.
„ამჟამად საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ შეინიშნება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საიტის მუშაობა გადაყვანილია ახალ რეჟიმზე, რომელიც ითვალისწინებს შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24-საათიან პერიოდს. ამდენად, მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება საიტზე, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია და მომდევნო 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციის შესახებ.
„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის მომზადებულია 37 დაწესებულება, ამ დროისთვის მობილიზებულია 110 ბრიგადა, რომელთა ნაწილი მუშაობს 12-საათიანი მუშაობის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გარკვეული მოლოდინი იმის თაობაზე, რომ „ფაიზერზე“ ვაქცინაცია ძალიან აქტიური იქნებოდა, რადგან მოქალაქეების ნაწილმა თავიდანვე გამოაცხადა თავისი არჩევანი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 24 ივლისიდან 12:00 საათიდან დაიწყო. „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ამასთან, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge, ასევე „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22.
წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ.