14 დეკემბერს, NASA კეპლერის ტელესკოპის მიერ გაკეთებული საოცარი აღმოჩენის შესახებ გვამცნობს
მთელ მსოფლიოში, NASA-ს და მის გასაოცარ საქმიანობას მრავალი ადამიანი გულშემატკივრობს. ბოლო წლებში, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი ერთ მშვენიერ ხრიკს მიმართავს — წინასწარ აანონსებს პრესკონფერენციას, რომელზეც უნდა მოხდეს მათ მიერ გაკეთებული რაღაც განსაკუთრებული აღმოჩენის წარდგენა.
როგორც ყოველთვის, ასეთ დროს ანონსებდა რაღაც მართლაც გასაოცარი. მსგავს განცხადებებს აქვს გვერდითი ეფექტიც — ყველას გვაიძულებს, ერთი და იგივე ახალი ამბავი ორჯერ და მეტჯერ წავიკითხოთ. თუმცა, არც ერთი ასეთი აღმოჩენა ამ დრომდე არ ყოფილა ის, რასაც ყველა ასე ველით — არამიწიერი სიცოცხლე.
შესაძლოა უკვე გესმენიათ, რომ NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე კეპლერის ბრწყინვალე მისია აღჭურვილია Google-ის მანქანური სწავლების ტექნიკით, რომლებმაც შეიძლება რაღაც საოცარი აღმოაჩინა. ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი სახე. დიახ, განცხადება სწორედ ამის შესახებ იქნება.
პრესკონფერენცია 14 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წარმდგენ ჯგუფში არ არიან ასტრობიოლოგები, შესაბამისად, სავარაუდოდ, აღმოჩენა არ იქნება არამიწიერი სიცოცხლის შესახებ.
მიუხედავად ამისა, მედიაში სპეკულაციები მაინც არ წყდება; ბევრი აღნიშნავს, რომ განცხადება სწორედ უცხოპლანეტელების შესახებ იქნება.
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი უკვე წლებია, ეგზოპლანეტებზე ნადირობს. ზოგიერთ მათგანზე, შესაძლოა, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემოც იყოს.
ეჭვგარეშეა, რომ პრესკონფერენცია სწორედ ეგზოპლანეტების შესახებ იქნება.
ანონსში NASA ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ აღმოჩენა Google-ის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გაკეთდა, რომლითაც ამუშავებენ ტელესკოპის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილ მონაცემებს. NASA იმედოვნებს, რომ ამ მეთოდით უფრო სწრაფად იპოვის პლანეტებს და მათ შორის, სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ეგზოპლანეტებს.
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპო 2009 წელს გაუშვეს, როდესაც მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ რამდენი ეგზოპლანეტა შეიძლება ყოფილიყო ჩვენ მიღმა. აღმოჩნდა, რომ ეგზოპლანეტები საოცრად ბევრია და თითქმის ყველა ვარსკვლავს, სულ მცირე ერთი პლანეტა ჰყავს.
ძირითადი მისია კეპლერმა 2012 წელს დაასრულა, თუმცა მუშაობა მაინც განაგრძო. 2014 წელს დაიწყო კიდევ ერთი ძირითადი მისია K2, რომლის ფარგლებშიც აღმოაჩნა კიდევ უფრო მეტი ეგზოპლანეტა და შეისწავლა მრავალი კოსმოსური ფენომენი.
ტელესკოპი დედამიწაზე იმდენად დიდი ოდენობის მონაცემებს აგზავნის, რომ მკვლევრებს ხშირად უჭირთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი პლანეტა შეიძლება იყოს საინტერესო. ამ მხრივ, განსაკუთრებით საიმედოდ ჩანს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.
კეპლერის ტელესკოპმა უკვე გააკეთა არაერთი სუნთქვისშემკვრელი აღმოჩენა; დაადგინა, რომ სამყარო სავსეა ისეთი პლანეტებით, რომლებზეც თეორიულად შესაძლოა, სიცოცხლეც იყოს. მრავალი ამ აღმოჩენის შესახებ, NASA-მ სწორედ ასეთ პრესკონფერენციებზე გვამცნო.
მაგალითად, მათ შორის აღსანიშნავია ჩვენგან 39 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავური სისტემა TRAPPIST-1, რომლის პლანეტებიც, სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის ხელსაყრელია. ამ აღმოჩენის შესახებ NASA-მ 2017 წლის თებერვალში, ასევე წინასწარ დაანონსებულ პრესკონფერენციაზე გვამცნო.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით