12 მარტი საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის დღეა
12 მარტი საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის დღეა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება — საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი წესით სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1919 წლის თებერვალში აირჩია.

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა თბილისში, დამფუძნებელი კრების სასახლის დარბაზში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში), 1919 წლის 12 მარტს, 12:10 საათზე გაიხსნა.

დამფუძნებელი კრების პირველ სხდომას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა.

პირველი სხდომა დამფუძნებელი კრების უხუცესმა წევრმა სილიბისტრო ჯიბლაძემ გახსნა. სხდომაზე კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე, ხოლო თავმჯდომარის უფროს ამხანაგად – ალექსანდრე ლომთათიძე.

სწორედ ალექსანდრე ლომთათიძემ წარუდგინა პარლამენტარებს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც დამფუძნებელი კრების წევრები ფეხზე მდგომნი უსმენდნენ. მათ ერთხმად დაამტკიცეს აქტი და მასზე ხელი მოაწერეს.

გთავაზობთ დამფუძნებელ კრებასა და მის პირველ სხდომასთან დაკავშირებულ მასალას, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი აქვეყნებს.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა. 1919 წლის 12 მარტი.

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის სხდომის ოქმი. 1919 წლის 12 მარტი.

 

დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 12 მარტს, რომლითაც დადასტურდა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა.

 

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა საერთო სურათი (1919-1920). დოკუმენტი ასახავს პირველი პარლამენტარების დემოგრაფიულ მონაცემებს.