11 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23 პროცენტით გაიზარდა
11 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23 პროცენტით გაიზარდა

2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23 პროცენტით გაიზარდა და ჯამურად, 4 688 177 მგზავრს მოემსახურა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მგზავრთნაკადის 23 პროცენტი აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წლის 11 თვე – 3,808,668 მგზავრი).

ნოემბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში 261,209 მგზავრს მოემსახურა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ნოემბერი 218,813 მგზავრი), ხოლო 11 თვეში – 3 547 553 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21% შეადგინა (2017 წლის 11 თვე – 2 943 553 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის ნოემბერში 132%-ით გაიზარდა და 47 868 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ნოემბერი – 20,591 მგზავრი).

რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია (2017 წლის 11 თვე 380,552 მგზავრი).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

2018 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 24 677 მგზავრმა ისარგებლა, რაც 33%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ნოემბერი 18 553 მგზავრი).

რაც შეეხება 11 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა და 580,370 მგზავრი შეადგინა (2017 წლის 11 თვე 484,563 მგზავრი)“, – აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.