სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტის პოვნა არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება გეგონოთ. პირველი ნაბიჯია დედავარსკვლავის გარშემო ზომიერი მანძილიდან მოძრაობა. ასევე უმნიშვნელოვანესია ზომა და შემადგენლობა, ისევე, როგორც ვარსკვლავის ამოფრქვევათა აქტივობის დონე. და ეს ყველაფერი ბევრს არაფერს ნიშნავს, თუკი სისტემა ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ არ შეგვიძლია დეტალურ დაკვირვებათა ჩატარება სისცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად.
ახლად აღმოჩენილი სისტემა ისე გამოიყურება, რომ ამ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. გარდა ამისა, ის წარმოუდგენლად ახლოს არის, ჩვენგან 10,7 სინათლის წლის მანძილზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, სულ მალე ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი სისტემა გახდეს ჩვენს ადგილობრივ სამეზობლოში.
„ეს პლანეტები საუკეთესო შანსებს გვაძლევს უფრო დეტალური კვლევებისთვის, მათ შორის, მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის საძებნელად“, — ამბობს გერმანიის გეტინგენის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი სანდრა ჯეფერსი.
ვარსკვლავს ლაკაილ 9352 ან GJ 887-ს უწოდებენ. მის ორბიტაზე მეცნიერებმა იპოვეს ორი ეგზოპლანეტა, რომლებიც სავარაუდოდ კლდოვანია, დედამიწისა და მარსის მსგავსად, შეიმჩნევა შედარებით შორ მანძილზე მოძრავი მესამე კლდოვანი ეგზოპლანეტის ნიშნებიც — ის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში უნდა მოძრაობდეს და ტემპერატურა მის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის შესაფერის უნდა იყოს.
მინიშნება მესამე პლანეტის შესახებ ამ ეტაპზე საბოლოო არ არის, მაგრამ ახლო ორბიტაზე მოძრავი ორი პლანეტის აღმოჩენა უკვე საკმარისია, რათა GJ 887-ის სისტემა დეტალურად შევისწავლოთ.
თავად ვარსკვლავს მზის მასის დაახლოებით ნახევარი აქვს და არის წითელი ჯუჯა — დღეგრძელი, შედარებით ცივი, პატარა ტიპის ვარსკვლავი, რომელიც ვარსკვლავთა ყველაზე გავრცელებული ტიპია ირმის ნახტომში.
წითელი ჯუჯების გარშემო ბევრი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი; გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვარსკვლავები მზესავით ცხელი არ არის, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ზომიერი ზონა გარშემო მოძრავ პლანეტათათვის, შედარებით ახლოსაა, ვიდრე მანძილი დედამიწასა და მზეს შორის.
თუმცა, წითელი ჯუჯების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხშირად ისინი შფოთიანები არიან, აფრქვევენ ძლიერ ვარსკვლავურ რადიაციას და ანთებებს, რის გამოც, ახლოს მოძრავ პლანეტათა უმეტესობა სიცოცხლისათვის არახელსაყრელი უნდა იყოს, რადგან რადიაცია მათ ატმოსფეროს აცლის.
სწორედ ამ მხრივ არის გამორჩეული GJ 887. წითელი ჯუჯას კვალობაზე ის წარმოუდგენლად წყნარია, აქვს ვარსკვლავის ლაქების ძალიან დაბალი აქტივობა და მისი სიკაშკაშე მეტნაკლებად ერთნაირია. შედეგად, ის ასტრონომებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია Red Dots-ში, პროექტში, რომლის ფარგლებშიც ახლომდებარე წითელ ჯუჯებთან კლდოვან პლანეტებს ეძებენ.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში ამ ვარსკვლავს სამი თვის განმავლობაში სწავლობდნენ ევროპის სამხრეთული ოსბერვატორიის ლა-სილიის ობსერვატორიის (მდებარეობს ჩილეში) 3,6 მეტრიანი ტელესკოპის ინსტრუმენტ HARPS-ით.
ეს მგრძნობიარე ინსტრუმენტი ვარსკვლავებს აქტიურად აკვირდება და მათ სინათლეში ეძებს ოდნავი რხევებით გამოწვეულ ძალიან მცირე ცვლილებებს; ამ რხევებს კი იწვევს მათ ორბიტაზე მოძრავ პლანეტათა გრავიტაციული გავლენა. GJ 887-ის შემთხვევაში, ამ რხევებმა გამოავლინა ორი სხვადასხვა, პერიოდული სიგნალი.
ვარსკვლავის ასეთი მოძრაობების ოდენობით შესაძლებელია მათი გამომწვევი ობიექტების მასის დაანგარიშება. სწორედ ამ გზით აღმოაჩინეს ასტრონომებმა იქ ორი ეგზოპლანეტა — GJ 887b და GJ 887c. მათი არსებობა დაადასტურა 2002-2004 წლებში წარმოებული დაკვირვებების საარქივო მონაცემებთან დამთხვევამაც.
GJ 887b-ის მინიმალური მასა დედამიწისაზე დაახლოებით 4,2-ჯერ მეტია და დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 9,3 დღეში ერთხელ. GJ 887c-ს მინიმალური მასა კი ჩვენი პლანეტის მასას 7,6-ჯერ აღემატება და ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 21,8 დღეს ანდომებს.
ასეთი მასების გამო, ეს ეგზოპლანეტები „სუპერდედამიწის“ კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა, დამატებითი კვლევების გარეშე შეუძლებელია იმის თქმა, ისინი კლდოვანია თუ გაზოვანი. ვარსკვლავთან შედარებითი სიახლოვის გამო, ისინი სიცოცხლისთვის სავარაუდოდ არახელსაყრელია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მოძრაობენ სასიცოცხლო ზონის შიდა კიდესთან.
თუმცა, თუკი აღმოჩნდა, რომ მესამე სიგნალის ეგზოპლანეტას წარმოადგენს, ის უნდა იყოს 8,3 დედამიწის მასის მქონე სუპერდედამიწა ვარკვლავის სასიცოცხლო ზონის შუაგულში, 50,7-დღიანი ორბიტული პერიოდით. არსებობს ერთი პრობლემა — სიგნალი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა HARPS-ის მონაცემებში.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იქ პლანეტა შეიძლება სულაც არ იყოს. მკვლევრებს ის უფრო ვარსკვლავურ აქტივობასთან დაკავშირებული სიგნალი ჰგონიათ, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებით რაიმეს გამორიცხვა შეუძლებელია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვლევრებმა დამატებითი დაკვირვებები უნდა ჩაატარონ და გაარკვიონ, კვლავ განმეორდება თუ არა სიგნალი. ამავე დროს, პლანეტურ მეცნიერებს დეტალური დაკვირვებები ორ უკვე დადასტურებულ ეგზოპლანეტაზეც — GJ 887b-სა და GJ 887c-ზე.
ვარსკვლავის ამოფრქვევათა დაბალი აქტივობის გამო, ამ ორ ეგზოპლანეტას შეიძლება ატმოსფერო შენარჩუნებული აქვს. ამას გარდა, იმის გამო, რომ ვარსკვლავის სინათლე მდგრადია, ეს ატმოსფეროები შეიძლება დაფიქსირდეს მათ მიერ ვარსკვლავის სინათლის არეკვლისას.
ჩვენს ამჟამინდელ ინსტრუმენტებს ამის გაზომვა არ ძალუძთ, თუმცა სწორედ ეს იქნება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთი დავალება; ტელესკოპი მომავალ წელს გაეშვება და ის იმდენად მგრძნობიარე იქნება, რომ პირდაპირ გადაიღებს ახლომდებარე ეგზოპლანეტებს, რაც ნამდვილ რევოლუციას მოახდენს პლანეტურ მეცნიერებაში.
„ამ ტიპის დაკვირვებები დაადგენს ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შემადგენლობას. თუკი შემდგომმა დაკვირვებებმა სასიცოცხლო ზონაში მესამე პლანეტის არსებობა დაადასტურა, GJ 887-ის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პლანეტური სისტემა გახდება მზის სამეზობლოში“, — ამბობს შვედეთის ლუნდის ობსერვატორიის ასტრონომი მელვინ დევისი.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uni-goettingen.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.