სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დავით ბარლიანის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დავით ბარლიანის ინფორმაციით, შეკვეთილთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურე გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას, ექვსი სამხედრო ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო სამი ქობულეთის კლინიკაში რჩება.
„სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან იმყოფება ორი პაციენტი სტაციონალური მკურნალობის ქვეშ. მათთან ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება და იმედს ვიტოვებთ, რომ არ მოხდება რაიმე სახის გართულება. რაც შეეხება ექვს პაციენტს, ისინი იმყოფებიან ქუთაისის ჰოსპიტალში მსუბუქი ტრავმებით და ახლო მომავალში გაეწერებიან. სამი პაციენტი რჩება ქობულეთის ჰოსპიტალში და ჩატარებული აქვთ ტრავმატოლოგიური ოპერაციები.
ძირითადი დაზიანებები არის თავის ტვინის შერყევა, სხეულის დაჟეჟილობა, კიდურის მოტეხილობა.
ზოგადი მდგომარეობა ყველასი სტაბილურია, ემორჩილება მკურნალობას და რამე გართულებას არ ველოდებით“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.
შეკვეთილთან, ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად, 14-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
თავდაცვის უწყების ცნობით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამედიცინო დაწესებულებებში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სამი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.
პირველ ივლისს ოზურგეთის რაიონის დაბა შეკვეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.