შეკვეთილთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ

​შეკვეთილთან, ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად, 14-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

თავდაცვის უწყების ცნობით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამედიცინო დაწესებულებებში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სამი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძემ მოინახულა. ყველა სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდაცვის უწყების ცნობით, პირველ ივლისს ოზურგეთის რაიონის დაბა შეკვეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.