ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია უმოქმედოა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და მისი საქმიანობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმოქმედოა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის გამოძიებაზე, იმ ფონზე, როდესაც გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას კადრების გასვლისთვის აჯარიმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
კაკაბაძის თქმით, მისმა ორგანიზაციამ პროკურატურას მიმართა, რათა უწყება დაინტერესდეს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობით.
„ჩვენ სამი დღის წინ მივმართეთ მთავარ პროკურატურას, ასევე, ქალაქის პროკურატურას და ვთხოვეთ, დაინტერესებულიყო სახელმწიფო ინსპექტორის უმოქმედობით იმ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც ზოგიერთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში ვრცელდება კონკრეტული მოქალაქეებისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ. თუმცა, ამის საპასუხოდ, სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება კი არ დაიწყო ამ ფაქტებთან დაკავშირებით, არამედ დააჯარიმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარით ლაშქარავას კადრების გასვლისთვის ზოგიერთ ტელეკომპანიაში“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელიც თანამდებობაზე თავის დროზე წარდგენილი იყო გიორგი გახარიას მიერ, დღესაც ყოფილი პრემიერის ინტერესებს ატარებს.
„ჩვენ დავინტერესდით თვითონ თოლორაიას პიროვნებით, ვინ არის თოლორაია. რატომ ხდება მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა მიმართულებით და არა კანონის შესაბამისად. თავის დროზე თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად იყო წარდგენილი გახარიას მხრიდან, ანუ ის წარმოადგენს დღესაც, ეტყობა, გახარიას მხარეს და ის მოქმედებს პოლიტიკურად ანგაჟირებულად, ანუ „ნაციონალური მოძრაობისათვის“ მიუღებელ პიროვნებებზე და ასევე საპატრიარქოზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციისათვის არ იწყებს გამოძიებას და არ აჯარიმებს შესაბამის ტელეკომპანიებს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ კადრების გასაჯაროებისთვის, რომელზედაც მე გესაუბრეთ ლაშქარავასთან დაკავშირებით, ორი თვის, სამი თვის დაგვიანებით იღებს გადაწყვეტილებას და აჯარიმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს. რატომ მაინცდამაინც არჩევნების წინ? ჩვენი აზრით, ესეც გამომდინარეობს, რომ მას არჩევნების წინ სურს ამ თემის გააქტუალიზება, რათა ხელახალი დარტყმები მიაყენოს ხელისუფლებას, ანუ მისი ინტერესებია არა კანონით გათვალისწინებული ქმედება, არამედ მისი პოლიტიკური გემოვნება. ეს არის წინა პლანზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ მთავარი პროკურორისგან და ქალაქის პროკურორისგან სასწრაფოდ დაინტერესდეს ლონდა თოლორაიას ქმედებით, როდესაც მან დააჯარიმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარით და ასევე თოლორაიას უმოქმედებით, როდესაც ის არ აჯარიმებს ჩემზე კონკრეტულად, ასევე სხვა მოქალაქეებსა და საპატრიარქოს წინააღმდეგ მასობრივად გავრცელებულ პირადი შინაარსის ჩანაწერებზე“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ლონდა თოლორაიამ დააჯარიმა ერთ-ერთი ციხის დირექტორი, იმის გამო, რომ მან პატიმრის მშობელს მიაწოდა ინფორმაცია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, ამის ფონზე ლონდა თოლორაია არ ინტერესდება ისეთი საქმეებით, რომელიც ეხება იგივე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს.
„ამის გამო მივმართეთ პროკურატურას, რომ დაინტერესდეს თოლორაიას მხრიდან შერჩევითი რეაგირებით და ასევე, შერჩევითი უმოქმედობით. გამოძიებამ თქვას, რა დგას ამის უკან, თუმცა ჩემთვის პირადად, როგორც ერთი მოქალაქისთვის, არის საკმაოდ გასაგები მოტივაცია ამ ქალბატონის, რატომ არის ქმედითი კონკრეტულ შემთხვევაში და რატომ არის უმოქმედო. ასევე, კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ეს ეხება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელ ინსტიტუციას თუ კონკრეტულ პირებს“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.