ნანა კაკაბაძე - ხელისუფლება ოპოზიციას და მათ დანამატ არასამთავრობოებს აძლევს საშუალებას, სახალხო დამცველის კანდიდატურა წამოაყენონ, ფაქტობრივად, არჩევანის საშუალება არ არის
ნანა კაკაბაძე - ხელისუფლება ოპოზიციას და მათ დანამატ არასამთავრობოებს აძლევს საშუალებას, სახალხო დამცველის კანდიდატურა წამოაყენონ, ფაქტობრივად, არჩევანის საშუალება არ არის

ხელისუფლება ოპოზიციას და მათ დანამატ არასამთავრობოებს აძლევს საშუალებას, სახალხო დამცველის კანდიდატურა წამოაყენონ, ფაქტობრივად, არჩევანის საშუალება არ არის, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ მხოლოდ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან კანდიდატების დასახელება არასწორი გადაწყვეტილებაა.

„სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ბევრი აზრი გაჩნდა, უკმაყოფილო გაცილებით მეტია, ვიდრე კმაყოფილი და შეიძლება, ითქვას, რომ მეც ფაქტობრივად იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვინც არჩევის ასეთი წესით კმაყოფილი არ არის. რატომ – თავისთავად, ის განცხადება, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, რომ შანსს აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოყურება ძალიან კარგად. ხელისუფლება არ ცდილობს თავისი მომხრე ან თავისიანი კანდიდატის წამოყენებას და ამის საშუალებას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას; თუმცა საქართველოს რეალობა არის განსხვავებული იმ დემოკრატიული სამყაროსგან, რომელშიც გვიხდება ცხოვრება. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ არც ოპოზიცია გვყავს იმ ფორმით, რასაც ოპოზიცია ჰქვია და არც არასამთავრობო ორგანიზაციები გვყავს ის, რაც უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლიტიკური პარტიების სახით უმეტესწილად არიან კრიმინალური ძალები, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და უამრავი კრიმინალური ქმედებებით გამოირჩევიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დატოვეს; თუმცა იმ ცხრაწლიან რეჟიმსაც თუ გავიხსენებთ, რომლის გახსენებაც ოპოზიციას ძალიან აწუხებს ხოლმე, ფაქტობრივად, ამ სისხლიანი რეჟიმის ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი ოპოზიციისა, რომელიც არის კრიმინალი; დღეს ხელისუფლება ამ ძალას აძლევს იმის საშუალებას, რომ ისევ თავისი კანდიდატურა წამოაყენოს. რაც შეეხება ენჯეოებს, ისინი არიან ამ პირდაპირ პოლიტიკური ძალის დანამატები. ასე რომ, არც ისინი არიან ნეიტრალური, მიუკერძოებელი, რომლის წამოყენებული კანდიდატიც იქნებოდა საზოგადოებისთვის მისაღები.

არადა, რა მოცემულობა გვაქვს – ომბუდსმენის ინსტიტუტი, გარდა იმ საერთაშორისო დაფინანსებისა, რომელსაც ღებულობს უცხოელი დონორი ორგანიზაციებიდან, ფინანსდება ბიუჯეტიდან, ანუ პასუხისმგებელია ომბუდსმენის ქმედებებზე, პასუხისმგებლობა აღებული აქვს ხელისუფლებას. ამ დროს, წამოყენებული არის კანდიდატი და ალბათ, გათვალისწინებული იქნება ეს კანდიდატი, რომელზეც ვერანაირ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერ იღებს. ამით ვინ ზარალდება – ყველაზე მეტად ზარალდება საზოგადოება, მაგალითად, როდესაც წინა ომბუდსმენის, იმის წინა ომბუდსმენის შემთხვევაში ხელისუფლებამ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების პოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. ახლა ბოლო ომბუდსმენზე ვისაუბროთ – მივიღეთ ლომჯარია. ვინ არის ლომჯარიათი კმაყოფილი, გარდა ოპოზიციისა და იმ მაფიური არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლის ლობირებითაც და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლის ლობირებითაც ის დაჯდა ამ თანამდებობაზე? ჟურნალისტებს შეგიძლიათ, კვლევებიც ჩაატაროთ – საზოგადოების 99,9 პროცენტისთვის, უფრო მეტისთვის თუ არა, არის აბსოლუტურად მიუღებელი.

აქედან გამომდინარე აქვს პასუხისმგებლობა და ამ დროს კანდიდატის მიმართ ფაქტობრივად, ეცლება ყველანაირი ბერკეტი, რომ ის თუნდაც საზოგადოებისთვის იყოს მისაღები. საშიშროებაა ასეთი ტიპის შეთავაზების შემთხვევაში, როდესაც ასარჩევი არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების კანდიდატი და მხოლოდ პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატი, ფაქტობრივად, რა ხდება – არჩევანის საშუალება არანაირი არ არის“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.