ნანა კაკაბაძე - სალომე სამადაშვილი იმ ხალხზე, რომლებთანაც ახლა თავად არის, მეუბნებოდა, მაგათთან რა საქმე გაქვსო, რა ღირებულებებზე მელაპარაკებით ის ადამიანები, რომლებსაც ღირსება და თავმოყვარეობა არ გაქვთ 
ნანა კაკაბაძე - სალომე სამადაშვილი იმ ხალხზე, რომლებთანაც ახლა თავად არის, მეუბნებოდა, მაგათთან რა საქმე გაქვსო, რა ღირებულებებზე მელაპარაკებით ის ადამიანები, რომლებსაც ღირსება და თავმოყვარეობა არ გაქვთ 

კანონის რუსულ ანალოგს აქ არავინ დაუშვებს, სიცოცხლეს გავწირავ, რამე ისეთი რომ მიიღონ, რაც ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ნანა კაკაბაძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვისას განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„დავინახე, რომ ბოლშევიზმი, ფაშიზმი და კომკავშირიზმი არ არის სისტემის მოვლენა, ეს არის ადამიანების სულიერი მდგომარეობა. მეც ვეთანხმები, კანონში არ უნდა ეწეროს, რომ ვიღაც არის აგენტი და კანონით არ შეიძლება მისი მინიჭება. სალომე სამადაშვილი, რომელთან ერთადაც აშშ-ში ერთ ოთახში ვცხოვრობდი, იღებდა მობილურით აქ და ამბობდა, აქო, რუსეთის აგენტები სხედანო. კანონი რაში გჭირდებათ, თქვე დალოცვლილებო, კანონის გარეშე გვაწებებთ იარლიყებს. მაინტერესებს, თქვენ რაში გეხებათ ეს კანონი? ეს ეხებათ არასამთავრობო სექტორს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს უნდა გვაღელვებდეს. თქვენ ისედაც და ასედაც აკრძალული გაქვთ უცხოეთიდან დაფინანსება, რადგან ხართ პოლიტიკაში და რატომ გეწვით ასე კუჭი? მართლაც ისე ჩანს, რომ ამის იქით რაღაც სხვა რამეა“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში კანონის განხილვისას უსმენდა ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ აღელვებდათ ეს კანონი.

„ჩემი თხოვნაა, შეიკრიბონ ის ადამიანები, რომლებსაც ეს კანონი მართლაც აღელვებთ. მე აქ ვზივარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სისტემას ვებრძოდი. სალომე სამადაშვილი კი დღეს იმ გუნდშია, რომლებზეც მეუბნეოდა, ამ ხალხთან რა საქმე გაქვსო. საერთოდ რა ღირებულებებზე მელაპარაკებით, რა უფლებით ლაპარაკობთ ღირებულებებზე ადამიანები, რომლებსაც ღირსება და თავმოყვარეობა არ გაქვთ. დგახართ აქ და ვაჭრობთ იმაზე, თუ თქვა ამერიკამ, ე.ი. ასეა. რა მნიშვნელობა აქვს, ამერიკულია თუ არა ეს კანონი? დიახ, ბევრი ამერიკული კანონი ბარბაროსულია, რომლებსაც მე არ ვეთანხმები. როგორ ფიქრობთ თქვენ, ნორმალურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს გუანტანამოს ციხეზე ვერ საუბრობენ? ნორმალურია, რასაც აშშ-ში ვუყურებდი? მე  ნათქვამი მაქვს, ისეთ შეხვედრებზე ვერ წამოვალ, სადაც ჯაჭვებით გადაბმული პატიმრები მიჰყავდათ სასამართლოში. ეს არ არის ჩვენთვის მისაღები. ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ორიენტაცია და ვთქვით, რომ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რომ ჩვენი სტანდარტი არის ევროპული და არა ამერიკული. აქედან უნდა ამოვიდეთ და არა იქიდან, რა თქვა კელი დეგნანმა. თავში ქვა უხლია ყველანაირ კელი დეგნანს. დღეს სისულელეების მეტი არაფერი თქვა. რატომ გიჭირთ იმის თქმა, რომ კი, ბატონო, ამერიკას წარმოადგენს, მაგრამ სისულელეებს ლაპარაკობს. მონურია ეს მორჩილება და არ არის ღირებულელბებზე დაფუძნებული. არანაირი ევროპა თქვენ არ გაინტერესებთ, თქვენ ევროპაში მაღაზიები თუ გაინტერესებთ, სხვა რამეა, მაგრამ ევროპული ღირებულებები ეს არ არის.

აქ ადამიანები რომ ისხდნენ, ვითომ დემოკრატია აწუხებდათ, ეს ის ადამიანები არიან, ერთი დღე რომ გაუცოცხლოთ საბჭოთა რეჟიმი, სად გაქრებიან, ვერავინ დაინახავს, არც ისინი მინახავს ბრძოლის წინა ხაზზე და არც მათი მშობლები. ცოტა ნორმალურად ილაპარაკეთ იარლიყების მიწებებაზე. ნუ გამოდიხართ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით. თქვენ ქვეყანა გიყურებთ, სკამები, რომლებიც გიკავიათ, ბაბუების დატოვებული არ არის. ის ჩვენ მოგეცით თქვენ, თქვენი ლეგიტიმაციით ზიხართ პარლამენტში. ჩვენ გადმოგეცით ჩვენი უფლებების გარკვეული ნაწილი დროებით და გამოიყენეთ ისე, რომ ის ჩვენ ინტერესებში იყოს. მე რუს დისიდენტებთან, ბალტიისპირელებთან და უკრაინელებთან ერთად ვებრძოდი რეჟიმს. რა არის ეს ფაშისტური გამონათქვამები? პუტინი რატომ არის რუსეთი? რუსულ ანალოგს აქ არავინ დაუშვებს, სიცოცხლეს გავწირავ, რამე ისეთი რომ მიიღონ, რაც ამ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.  იარლიყებს ასე უცბად როგორ მაწებებეთ, ვინ არის რუსეთის აგენტი? ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პარლამენტს, რომ ჩვენი ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება რეესტრს, ამის გაკეთება არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. რატომ არ ესმით ამ ორგანიზაციებს ამის აუცილებლობა, იცით? არცერთი ადამიანის უფლებათა სფეროში არ მუშაობს. ერთკვირიანი მონიტორინგი ჩავატაროთ, თუ სადმე გაიჟღერებს რამე პოლიტიკურად ანგაჟირებული ენჯეოებისაგან, თუ საქმე არ ეხება მიშას ან მიშას გარემოცვას. პოლიტიზებულები გახდნენ, რადგან ორგანიზაციები მათ არასწორად აფინანსებენ. ამ ქვეყანამ ორი სახელმწიფო გადატრიალება გადაიატანა. ორივეზე ითქვა, რომ ეს იყო გარედან დაფინანსებული. დღეს არ არის საჭირო, ვიცოდეთ, ეს ადამიანები, რომლებიც გვემუქრებიან სახელმწიფო გადატრიალებით, ისევ გარედან ფინანსდებიან თუ ეს არის ქვემოდან წამოსული რევოლუცია? რეესტრში უნდა იყოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს, ყველას უნდა ეწეროს პროექტები, შინაარსები და ასევე დაფინანსების წყაროები. მე რომ ვარ ადამიანი, ვისაც არ უნდა, მაგალითად, სოროსის ფონდის დაფინანსებულ არასამთავრობოებთან მივიდეს, არ მივა იმასთან, წავა სხვასთან“, – განაცხადა კაკაბაძემ.