​კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, „გორმედმა“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდი გამოყო
​კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, „გორმედმა“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდი გამოყო

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა და არსებული ეპიდვითარების ფონზე, „გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდი გამოყო.

დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედს“, გორისა და ხაშურის „კოვიდ“-კლინიკებში, 176 პაციენტის მიღება შეუძლია.

„გორმედის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის „კოვიდ“-კლინიკების საწოლფონდი სრულადაა ათვისებული. ინფიცირებულთაგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ორი პაციენტი – 81 და 86 წლის ასაკის. ორივეს მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე.

სამედიცინო ქსელის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, „გორმედის“ ქსელის გორისა და ქარელის კლინიკები არაინფექციური პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

„გორმედის“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში სხვა ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისების მიწოდება პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით გრძელდება.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 342 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 37.

ამასთან, დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა – 448, იმერეთი – 513, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 175, გურიაში – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287, კახეთი – 98, მცხეთა-მთიანეთი – 119, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 55 511 გამოჯანმრთელდა, 636 კი, გარდაიცვალა.