ინკლუზიური განათლების ადაპტირებულ პროგრამაში 21 მუზეუმი ერთვება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეის გარდა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მუზეუმების დათვალიერებლის საშუალება ექნებათ. პროექტი ხვალ, 20 სექტემბერს დაიწყება და მასში 1000-მდე ბენეფიციარის ჩართვაა ჩაფიქრებული. ახალი პროექტის „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ ავტორი ანა ჟვანია პირველ არხთან აცხადებს, რომ პროექტის მთავარი მიზანი ინკლუზიური განათლების საქართველოს სამუზეუმო სივრცეში დამკვიდრებაა, რაც შშმ პირების საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და კულტურულ ცხოვრებაში ჩართვისთვისაა აუცილებელი.
ადაპტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში 21 მუზეუმი ერთვება. პროექტი 14 თვის განმავლობაში გრძელდება და მონაწილე მუზეუმების თანამშრომელთა ტრენინგებს, სპეციალური სახელმძღვანელოს გამოცემას და შშმ პირებისათვის ადაპტირებული საგანამანათლებლო პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს. პროგრამა ორი კომპონენტისაგან შედგება:დარბაზის დათვალიერება და შემოქმედებითი აქტივობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მონაცემთა ბაზა და განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჯგუფების ვიზიტები მუზეუმებში.