გედევან ფოფხაძე - სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტების წინაშე სუსტი სახელმწიფო დაუცველია
გედევან ფოფხაძე - სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტების წინაშე სუსტი სახელმწიფო დაუცველია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ავანტიურისტია და თუ უკრაინის სახელმწიფო ასეთ ავანტიურისტ პოლიტიკოსს ადეკვატურად არ მოექცევა, მას შეუძლია, უკრაინის სინამდვილეში ლენინის ეფექტი ჰქონდეს.

როგორც პირველ არხს ფოფხაძემ განუცხადა, უკრაინულმა მხარემ სააკაშვილი საქართველოს უნდა გადმოსცეს.

“მატარებლით იმგზავრა ლენინმაც და სააკაშვილმაც. სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტების წინაშე სუსტი სახელმწიფო დაუცველია. უკრაინას ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის ინსტიტუციონალური პრობლემები და პოლიტიკური პრობლემა იყო ისიც, რომ სააკაშვილისნაირი ავანტიურისტი პოლიტიკოსი არ უნდა მიეღოთ. იმ ხალხმა, ვინც სააკაშვილი მიიღო, მისი ავანტიურისტული ქმედებები თავის თავზე იწვნია. უკრაინის პოლიტიკაში სააკაშვილი ისე მოხვდა, როგორც ტროას ცხენი და ცუდი ეფექტიც იქონია, მაგრამ ეს მათი თავსატეხია. უკრაინა სამართლებრივად უნდა წავიდეს და სააკაშვილი ქართულ მხარეს გადმოსცეს. მართლმსაჯულების აღსრულება უნდა მოხდეს, რადგან იმ ხალხის წინაშე გარკვეული ვალდებულება გვაქვს, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალდა და ეს ვალდებულება მართლმსაჯულების აღსრულებაში გამოიხატება. ამ ადამიანმა ტელევიზიები დაარბია და დღეს ჟურნალისტებს ასე რომ ექცევა, გასაგებია, რა გზავნილები აქვს”,- განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, საქართველომ პოლიტიკური გზავნილი უნდა გააგზავნოს უკრაინაში, რომ ასეთი ავანტიურისტი პოლიტიკოსის ქმედებები აღკვეთილი იყოს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილს მოკავშირეები უკრაინის პოლიტელიტაში ჰყავდეს, რათა პროცესებში არიოს.

“თუ ვინმესთან წინასწარ გარიგებული არ ხარ, საზღვარზე ასეთი ქცევა წაოუდგენელია. შეიძლება, უკრაინის პოლიტელიტაში მოკავშირეები კიდევ იყვნენ, რომელთაც სიტუაციის არევა სურთ. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის სათავეში მოყვანა არავის უნდა. მას იყენებენ, როგორც ამრევს. მას სერიოზულად არავინ არ აღიქვამს”, – აღნიშნა ფოფხაძემ.

განახლება #2 - 14:42