***

 

ჩემი სპირიტული სეანსები:

ცივი კედლები და გახევებულ

თითების ქვეშ თეთრი ფაიფურის

თეფშივით დაცურავს მარტოობა.

ღმერთო,

სადაც ძვლების ძველი სამარხია,

ძაღლმა, მგლის ჯიშისამ ნეკნთან დამხრა,

ძაღლმა – ტყავი ერთხელაც რომ არ დახია

სხვისი.

მჭამს ნესტი და ქარმა წუხელ,

მიწით მეტად ვეღარ ამოავსო

ჩემი ყვირილის ხმა.

სუსხი.

ვიღაც ფაიფურის თხელ ლამბაქზე,

ფრთხილად დამიხატავს სისხლის მზეებს,

მერე მომკლავს ბნელი ღამეები,

მერე –

მომკლავს გზებთან არეული გზები.

 

 

 

 

 

***

 

მოვიდა და თვალებზე ხელები ამაფარა.

დიდხანს ვიხსენებდი.

თითებით ვიხსენებდი.

(სახელი ვერაფრით გავიხსენე).

მხოლოდ მათი კონტური ვიცანი და გამიკვირდა-

როგორ მომწვდა იმსიშორიდან.

როგორ მოსწვდა ჩემს თვალებს.

როგორ მოაგნო.

 

მე უკვე მკვდარი მეგონა,

დიდი ხნის გარდაცვლილი,

მიწის ქვეშ მიძინებული,

გულზე ხელებდაკრეფილი.

 

ის კი მოვიდა და

თვალებზე ხელები ამაფარა.

მეგონა,

სახელიც აღარ ახსოვდა.

მეგონა,

მხოლოდ თითებზე შევრჩი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10