***

 

სხვა ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით იქნება:

შემიყვარებ შენ.

მე შევიფერებ, რომ ვეღარ დამტოვებ უჰაეროდ,

რადგან იგრძნობ-

ვინც ისედაც შიშველი გაჩნდა,

მისი სიკვდილი ილუზიაა.

 

გარეთ ახლა შენი ოთახივით ჩუმი ამინდებია-

ბინდს შეჩვეული შემცბარი გამოხედვით,

როგორც ღამის საწოლში შექცეული ზურგი.

როგორც აღმოჩენა, რომ

მხოლოდ საკუთარი ხელით,

მხოლოდ საკუთარ მხრებზე უნდა იშენო სიმძიმეები

და არცერთი პატარა ქვა,

არცერთი დავარდნილი სიტყვაც კი

არ გადადო სხვის მოთმინებაზე.

 

სხვა ცხოვრებაში,

შენ არ გემახსოვრება ყელში გაჟონილი მდინარე

და როცა ცაზე დალექილ ღრუბლებზე მარჩიელობით,

ბებრის ციხესთან ისევ ვიწვებით ნესტიან ბალახზე,

მე გავჩუმდები

და გარინდებულ მზერას ხელს რომ წაკრავენ,

შეკითხვაზე:

რა მოგივიდა?

გიპასუხებ:

არაფერი.

და მივხვდებით, რომ

წარსულში ყველა ისე ვეძებდით სიმართლეს, როგორც გვეგონა,

რომ ჭეშმარიტებაში, როგორც ქვიშაში,

ვერასოდეს გავიდგამთ ფესვებს.

 

სხვა მომავალში შემიყვარებ – შენ.

მე – ჩუმად შევიფერებ შენს სიშიშვლეს,

სფინქსი კი კვლავ იქ იდგება, სადაც ყოველთვის იდგა.

და როცა,

ნიავის შრიალივით ისევ გადაგვიფრენს ჩიტების გუნდი,

როცა მხრებიდან

მზრუნველი თითებით დამიწყებ ნესტის ჩამოფერთხვას,

წამით შეკრთები და მიცნობ ქალს,

რომელმაც

წვიმიან ღამით, შენი ფანჯრიდან ყურებისას,

წინა ცხოვრებაშივე გაგიხსენა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10