***

 

მოიწყეთ იტალიური არომატებით გაჯერებული კულინარიული დღესასწაული-

მთავაზობს მორიგი ინტერნეტრეკლამა.

სად ქრებიან ადამიანები, თითქოს თოვლის იყვნენ. თითქოს ცხელ რძეში ჩაგდებული შაქრის ნატეხები იყვნენ. თითქოს არც როდესმე ყოფილან.?

რა საოცარი სიდიდეა დრო. როგორც ნივთი. მყარი სხეული. ხელშესახები. შეიძლებოდეს აიღო, უჯრაში ჩადო და აღარ იყოს. გადნეს. აორთქლდეს.

ან დაშალო მოლეკულებად. შეუერთო მაგალითად: წყალბადის ატომს.

რას მივიღებთ? რა სუბსტანციას? რა ფერს? თვისებას?

აღარასოდეს გათენდება? არც დაღამდება? აღარც მოვკვდებით?

შალის წინდები გაცვდა ლექსებში, მთვარესავით შეითელა, დაპატარავდა. სეზონების ცვლა. მარადიული სიდიდეები. ჩამომსხვრევა. ჩამოტირება. გამრავლების ინსტიქტები, გამოქვაბული, კედელზე ნახშირის შავი საათივით ხმას არ გამოსცემს.

როგორ შევჩერდე დროში, ან დრო ჩემში როგორც შეჩერდეს?

როგორ შევიდე მასში, როგორც კარში? როგორც ოთახში? მივიხურო, შუქი გამოვრთო.

წამიერი მოძრაობა: შენსკენ ოდნავ დავიხარო. მოგიახლოვდე.

საუკუნე. მილიარდი წელიწადი- მარადისობა.

 

***

“გაუფრთხილდით სიყვარულს” – გვასწავლის ვიღაცის სტატუსი.

კაცი რომელიც მწერს, სხვა პლანეტაზეა და მაინც აღწევს.

სიყვარულს როგორ უფრთხილდებიან?

რომელ სიყვარულს?

“მტვერი სველი ჩვრით გადაწმინდეთ.

დროდადრო გაანიავეთ.

დაიცავით ტენიანობა.

ჩართეთ ხელით რეცხვის რეჟიმზე.

წყალი – ოთახის ტემპერატურის.

საპონი – მხოლოდ თხევადი და დელიკატური”.

კაცი, რომელიც ჩემამდე მოაღწევს,

არის კაცი, რომელიც აღწევს ჩემამდე.

ჩემი ტანი კი მხოლოდ ქუჩის ხმაურს ინახავს.

 

თავის დროზე სიკვდილის ახალ გზას როცა პოულობ,

ყველაფერი მარტივადაა. ყველაფერი გენიალურად:

მოხარშეთ ადამიანი და ისე მიირთვით-

გაცილებით ტკბილი გამოდის.

ცოცხლად ნურვის შეჭამთ. ცოდვაა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10