ვგულისხმობ, თუნდაც, 1946 წელს დაწერილ მის სურათს -„ამხანაგ სტალინის გამოსვლა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე“. თუმცა, ხუთგზის სტალინური პრემიის ლაურეატი ირაკლი თოიძე მაინც ვერ იქცა საბჭოთა სახვითი იმპერიის პროტაგონისტად! ვერც საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი გახდა და ვერც – აკადემიკოსი; მოსკოვში ჩაბუდებამაც ვერ უშველა… აი, უჩა კი, სწორედაც მშობლიურ საქართველოში (და საკუთრივ საბჭოთა საქართველოში) სჭირდებოდა იმპერიის ხელოვნებას, და ამიტომაც, „დესტალინიზაციას“ უფრო მეტად შეეწირა იგი, ვიდრე ავტორი პლაკატისა „დედასამშობლო გვეძახის“. უჩა ჯაფარიძე იყო დასტური იმისა, რომ სოციალისტურ რეალიზმს მასები კი არ ქმნიდნენ, არამედ ელიტები; მასების სახელით ქმნიდნენ განათლებული ელიტები… ავანგარდის გამოცდილებაგამოვლილი ელიტები სოცრეალიზმამდე თვით ავანგარდული მეთოდის იმანენტური ლოგიკით მივიდნენ და მასების რეალურ გემოვნებასა და მოთხოვნილებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ; ამ მხრივ, უჩა ჯაფარიძე წარმოგვიდგება, როგორც არტისტული ფიგურა, საკუთრივ გემოვნებისა და შინაგანი კულტურის გამოისობით რომ აღმოჩნდა სოცრეალისტურ ფარვატერში და მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხეს ქართული ავანგარდის ნიშნურმა ფიგურებმა.

მხატვარი – დაწესებულება

„Я же не человек, а учреждение” – ასე აღმოხდენია იძულებითი პარტიული აქტივობებით გაწამებულ მაქსიმ გორკის სიცოცხლის მიწურულს… უჩა ჯაფარიძეც, ლამის, ადამიანი კი არა, დაწესებულება იყო… ბელადის სიცოცხლეში -1942 წელს, გახურებული ომიანობის ჟამს, ის სამხატვრო აკადემიის რექტორი ხდება. 40 წლის ასაკში უკვე საქართველოს სახალხო მხატვარია; 1951 წელს ორი ანთოლოგიური სურათის – „გულითადი საუბარი“ და „ღარელი კოლმეურნე ქალი“ დახატვასაც ასწრებს და რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობასაც ინაღდებს. იმავე წელს ხდება მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. 1953 წელს-სტალინის სიკვდილიდან ორ თვის შემდეგ, საქართველოს მხატვართა კავშირის III ყრილობაზე-28 მაისს ხელმეორედ აკურთხეს თავმჯდომარედ; ცხრა წლის შემდეგაც ქართველ მხატვართა ბელადია… 1963 წელს საბჭოთა იმპერიის მხატვართა კავშირის მდივნობასაც ითავსებს; იმავე წლის 12 აპრილს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება ენიჭება; 1964 წელი-საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის XXII ყრილობაზე ცეკას წევრობის კანდიდატობიდან ცეკას წევრად აწინაურებენ; 1965 წელს დევი სტურუა – ცეკას იდეოლოგიის მდივანი, უჩა ჯაფარიძის „ჩამოშორებასა“ და ვასილ პავლოვიჩ მჟავანიძის – ცეკას პირველი მდივნის შინაურ სერობებში გაშინაურებული ერთი რიგითი მხატვრის გათავმჯდომარებას მოინდომებს; პარტიულ ინტრიგებში გამობრძმედილი ჩინოვნიკი უჩა მალაქიევიჩს გამოსტყუებს – დავიღალე ამდენი თანამდებობებით და სიამოვნებით დავთმობდი რომელიმესო… დევი გეორგიევიჩი სიტყვაზე „იჭერს“ ამხანაგ უჩას; მხატვართა მორიგ, რიგით VI ყრილობაზე, ცხადია, მჟავანაძის დასტურით, გიტარაზე მომლხენ რიგით მხატვარს ირჩევენ თავმჯდომარედ… უჩას კი საპატიო თავმჯდომარეობას აკმარებენ; უჩა ჯაფარიძე მაინც რჩება საქართველოს მთავარ მხატვრად! და მხატვართა VII ყრილობაზე ისევ საპატიო თამჯდემარედ ტოვებენ;
1970 წლიდან უჩა მშვიდობის დაცვის საკავშირო ფონდის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარეობასაც ითავსებს; ერთი წლის შემდეგ, 1971 წლის 13 ივნისს, საქართველოს უმაღლესი საბჭოს მე-8 მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველივე სესიაზე პრეზიდიუმის წევრი ხდება. კიდევ ერთი წელი და იმავე დარბაზში ქართველ საბჭოთა მხატვრებს კვლავ შეკრებს მშობლიური პარტია; 6 ოქტომბერს უჩა ჯაფარიძე ისევ იბრუნებს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის სკიპტრას; უყვარს ამხანაგ უჩას პარტიულ-ნომენკლატურული თამაშები; „ადამიანი-დაწესებულება“ ჩვეულ ფორმაშია! 1977 წელი. სოცრეალიზმის ქართულ ბასტიონს წყალი შეუდგება; ნომენკლატურული ეპოპეაც სრულდება. ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა საქართველოს პირველ მხატვრად გუდიაშვილის ლეგიტიმაციას ცდილობს; ერთი რამ უშლის ხელს-საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრად კურთხეული ლადო ჯერაც არ არის აკადემიკოსი; იმპერიის სამხატვრო აკადემია აგრე იოლად არ თმობს პოზიციებს; საჭიროა გავლენიანი ლობისტი. ასეთ ლობისტად აკადემიკოსი უჩა ჯაფარიძე თუ ივარგებს… მაგრამ, გამოიდებს კი ის თავს გუდიაშვილის „გასააკადემიკოსებლად“?! მით უფრო, რომ მერვე ათეულ წელში გადამდგარი ექს-ფორმალისტი ჯერ აკადემიის წევრკორესპონდენტადაც კი არ უღიარებიათ?! არც გამოუდევს თავი უჩას… და დარჩა გუდიაშვილი იმ აკადემიის მიღმა, რომლის წევრობაც ერთობ სერიოზულ ოსტატებსაც კი სანუკვარ ოცნებად გადაქცეოდათ… აი, რა არ აპატია რესპუბლიკის პირველმა პირმა უჩას! უჩა ჯაფარიძე მხატვართა კავშირის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს; „ადამიანი-დაწესებულება“ თითქოსდა, თავის თავს უბრუნდებოდა; უჩას ავტორიტეტი მაინც ყველგან ჭრიდა; არადა, პარტიულ ელიტაში ის იყო ,,чужой среди своих“; მხატვართა კომუნაში კი-„свои среди чужих“… არაერთი ნიჭიერი სტუდენტი დაიშეგირდა; პარტიულ-ნომენკლატურულ ხეზე ასვლა კი არც ერთს არ ასწავლა. ასეთ ცოცვას სხვა ნიჭი ჭირდება! მაგრამ ყოველ მათგანზე არანომენკლატურულად ზრუნავდა მაინც… 70-იან წლების დასაწყისში უჩას ერთგულ მოწაფესა და ჩინებულ ოსტატს გივი აღაპიშვილს სამხედრო კომისარიატიდან ჯარში გაწვევის უწყება მოსვლია; მაესტროსათვის შეუჩივლია… უჩა დიდსულოვნად გაუძღვა თურმე კომისარიატში; დაცვას უკითხავს, ვისთან მიბრძანდებითო; კომისართან-გენერალ მუსერიძესთანო, უპასუხნია საბჭოთა მხატვრობის „გენერალს“; დღეს მიღება არა აქვსო – უკმეხად მოუჭრია დარაჯს… უჩას ჩაღიმებია: გადაეცით – ქვემოთ ელოდება საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი, ცეკას წევრი… და ჩამოუთვლია მთელი თავისი რეგალიები „ადამიან-დაწესებულებას“… რამდენიმე წუთის შემდეგ უჩა თავის მოწაფესთან ერთად რესპუბლიკის სამხედრო კომისრის კაბინეტში აღმოჩნდა, თურმე. „აბა, ერთი შეხედე ამ „გამოთავებულ“ ყმაწვილკაცს, რომელი რუსის სალდათი მაგისგან უნდა დადგესო“- და მოყოლია აღაპიშვილის, როგორც მხატვრის ქება-დიდებას…
„გამიჭირდებაო თქვენი თხოვნის შესრულება“-ცივი წყალი გადაუსხია გენერალს; „კეთილიო,-არც უჩას დაუყოვნებია,- ხვალ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაა; მე და ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გვერდიგვერდ ვსხედვართ, თანაც ვმეგობრობთ და მას ვეტყვიო”… შემცბარა კომისარი – „ნუ შეაწუხებთ სარდალს, მე თავად მოგიხერხებთო რასმე“… ასეთიც ყოფილა უჩა ჯაფარიძე; როგორც საბჭოურ ნეკროლოგებში იტყოდნენ, პრინციპულიც და გულისხმიერიც…

ადგილის დედის ნოსტალგია

მშობლიურ ონში პერფორმირებული „ცოცხალი სურათები“ უჩა ჯაფარიძის ტილოების სტოპკადრებს იმეორებდნენო… ჩვენი საყვარელი ოსტატი ხომ ჯერ სურათებს უღებდა თავის პერსონაჟებს?! უფრო ზუსტად, ჯერ ფოტოზე აფიქსირებდა ცოცხალ მიზან-კადრებს, მერე კი ტილოზე გადაჰქონდა. ამ მეთოდით სხვებიც მუშაობდნენ, რუსეთშიც და საქართველოშიც. თავის დროზე ფოტოდან „მუშაობდა“ გიგო გაბაშვილიც; ჩვენი უჩას დაუძინებელი კონკურენტი კორნელი სანაძეც; თვით მაესტრო სერგო ქობულაძეც არ ყოფილა თურმე, ამგვარი სიმულიაკრის წინააღმდეგი; ასე „აქცია“ უჩამ პოეტ ბესიკ გაბაშვილად ახალგაზრდა მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილი; დავით გურამიშვილად-ზურაბ ლეჟავა… ასე „ათამაშა“ ლატავრა ფოჩიანს რუსთველისეული ნესტან-დარეჯანისა და თინათინის „როლები“. სამაგიეროდ, ვერიკო ანჯაფარიძე და უშანგი ჩხეიძე როლებში კი არა, ცხოვრებისეული „ნიღბებით“ დაგვანახა; ნიღბებით – იუნგისეული გაგებით… უჩა ჯაფარიძე თავდავიწყებით უმღეროდა ძლევამოსილ იმპერიას. უმღეროდა ამ იმპერიის ცენტრს; უმღეროდა მოკავშირე რესპუბლიკების ოჯახსა და ამ ოჯახის მამას; ძვირფას მამას, რომელიც ადიულტერს არ დაუშვებდა-არავის დაუთმობდა „Родина-Мать“-ს. ამიტომაც ანადგურებდა ეს მამა „ოჯახის მტრებს“. დიახ, „ხალხის მტერი“ იგივე „ოჯახის მტერი“ იყო; ოჯახისა, რომელსაც უნდა ჰყავდეს ერთი მამა, ერთი ცენტრი, ერთი ცენტრალური მოედანი და ერთი „კრემლი“. მაგრამ ამხანაგი უჩა ჩუმ-ჩუმად, ყრუდ, მოგუდულად მარგინალიასაც უნანავებდა და თავის პატარა, პროვინციულ, პატრიარქალურ რაჭას იხსენებდა ხოლმე. რაჭულ მოტივებში უჩა სოცრეალისტი კი არა, ნოსტალგიური რეალისტი უფრო იყო. ცხადია, ამგვარი „რეალიზმი“ პრინციპულად განსხვავდება სოც-არტის სიამის ტყუპების – კომარ&მელამიდის „ნოსტალგიური რეალიზმისაგან“. ამხანაგ უჩას გულის სიღრმეში, ალბათ, თავისი ციცქნა რაჭა ერჩივნა უკიდეგანო საბჭოეთს; პატარა ღარი-დიდ მოსკოვს, საიდანაც პროვინციელი მათემატიკის მასწავლებლის შვილი 1925 წელს კუდამოძუებული გამოისტუმრეს ВXYTЕМАС-ის გამოცდებზე გეომეტრიაში ორიანის მიღების შემდეგ. თავისი სიყრმის მეგობრები-ძველი ონელი ტოლ-ამხანაგებიც უფრო უთბობდნენ ალბათ, გულს, ვიდრე ამხანაგი სტალინი. და ისიც, სიცოცხლის დაისამდე ინტიმური დღიურებივით წერდა რაჭის ჟანრულ-ეთნოგრაფიულ სურათებს. მაგრამ ამ პაწია სურათებითა და ეტიუდებით ვით მოიხვეჭდა სახელს უვრცეს იმპერიაში?! უჩა თავიდანვე შეარჩია მშობლიურმა პარტიამ და ხელისუფლებამ თავის ფავორიტად; და არა უბრალო ფავორიტად. პარტიულ ბიუროკრატადაც!

 

1 2 3 4 5 6 7 8