უჩას ერთ-ერთი საყვარელი მოტივი, ბოლო წლებში რომ მიმართავდა, ცალუღელა ხარის ბღავილი იყო. ეს იყო მხატვრის ბღავილი, მისი სასოწარკვეთილი მზაობა დაუსრულებელი სიკვდილისკენ…. საბჭოთა ხელოვნებას სიკვდილი ბოლომდე მიჰყავდა და ამ ხელოვნების ონტოტექსტიც სრულყოფილი უნდა ყოფილიყო; პერფექციონისტულიცა და ასკეტურიც. სხვაგვარად რევოლუციური ვერ იქნებოდა. ნამდვილად რევოლუციური მოძრაობა ახალი რევოლუციური ასკეზადან მოდის; ახალი წესრიგის დამყარებიდან… ო, რა საშიში სიტყვაა „წესრიგი!“ წესრიგის დამყარება – მითუმეტეს… არადა, აუცილებელია! კულტურაც ხომ წესრიგის დამყარებაა; დიდი საბჭოური სტილი – მითუმეტეს! ასეთ წესრიგს ამყარებდა უჩა ჯაფარიძე; ამ გაგებით, ისიც რევოლუციონერია; ოღონდ, არა ხელოვნებაში… უჩას თვალწინ ჩაიარა დისიდენტობის, მათ შორის, არტისტული დისიდენტობის პირველმა ტალღამ. დისიდენტები-თებერვლის რევოლუციის ადეპტები იყვნენ; ხალხი, ვინც ვერ მოიპოვა ადგილი ხელისუფლებაში. ანგაჟირებულ პროსაბჭოთა მხატვართაგან განსხვავებით, დისიდენტები მოქმედი ხელისუფლების მიმირებას მიმართავდნენ. სწორედ ეს ამყარებდა საბჭოეთის ქარიზმატულ იდეოლოგიზმს. ამყარებდა და თანაც განდევნიდა ყოველგვარ რეფლექსიას კომუნიზმის ონტოლოგიური როლის შესახებ. აი, რატომ გვევლინებოდნენ დისიდენტები პარტიული ელიტის ფარულ კოლაბორაციონისტებად. ესეც იცოდა უჩა ჯაფარიძემ! პოსტსტალინური ტრამვებიც ჩვეული გალანტურობით მოიშუშა. გალანტურობითა და კულტურალური კეთილშობილებით… თავისი წილი პასუხისმგებლობა წარსულის გამო არასოდეს მოუხსნია. ეს წარსული ჯერაც არ დასრულებულა! უჩა ჯაფარიძის გალანტური დიქტატურა ისევ მოგვხიბლავს!

ბოლოთქმის მაგიერ

1712 წლის 1 სექტემბერი; კვირადღე… 8 საათსა და 15 წუთზე, ვერსალის სასახლეში, საკუთარ საძინებელში აღესრულა ლუდოვიკო XIV. მარცხენა ფეხის განგრენამ მოინელა „მეფე-მზე“. გადაწყდა: ლუდოვიკოს ცხედარი საქვეყნოდ უნდა „გამოეფინათ“… 2 სექტემბერს დაიწყეს გვამის პრეპარაცია. ოცდაათამდე კაცი ესწრებოდა. გვამი საშინლად გახრწნილიყო… განგრენა მთელ სხეულს მოსდებოდა. ცხედარი სამ სიმბოლურ ნაწილად დაანაწევრეს… ეს ფრანგული მონარქიის ძველი ტრადიცია იყო – სამოთხეში სამგზის მოხვედრის რიტუალი! სამი საფლავი მიუჩინეს ლუდოვიკოს: სხეული – სან-დენიში – მეფეთა აკლდამაში; გული – წმინდა ლუდოვიკოს ეკლესიაში – სენტ-ანტუანის ქუჩაზე; შინაგანი ორგანოები – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში;
აკლდამაში ჩასვენებამდე კუბოზე დაადეს სამეფო რეგალიები: ხელთათმანი, ფარი, მუზარადი, დეზები და დაშნა. მერე მოყვებოდა საფრანგეთის დროშა და ხელმწიფის პირადი შტანდარტი. ჰერალდმაისტერის შეძახილი: „მეფე მოკვდა; გაუმარჯოს მეფეს!“ და სამჯერ: „გაუმარჯოს მეფეს!“ ყავარჯენი რომ დარჩენოდა ლუდოვიკოს, ალბათ, მეოთხე კუბოში ჩაატანდნენ…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8